შალვა პაპუაშვილი - ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპაში
შალვა პაპუაშვილი - ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპაში

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიღებული რეზოლუცია, კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპაში, – ამის შესახებ საქართვლოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუანდაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, როგორც კი, 12 რეკომენდაცია შესრულდება საქართველოს ექნება მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

„მადლობელი ვართ, ჩვენი პარტნიორი პარტიის, „ევროპის სოციალ-დემოკრატების“ ამ მხარდაჭერისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპაში და განსაკუთრებით, ეს მხარდაჭერა იგრძნობა „ევროპელი სოციალისტების“ პარტიების მხრიდან. პარლამენტი აქტიურად მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და აქედან გამომდინარე, როგორც კი, რეკომენდაციებს შევასრულებთ, გვექნება მხარდაჭერა, რათა კანდიდატის სტატუსი მოვიპოვოთ და გადავიდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე გუშინ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.