შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარი რაფაელ გლუქსმანი სააკაშვილის მიერ იყო დაქირავებული, როგორც ლობისტი, ის მათ შორის ფიგურირებს 9 მილიონის მითვისების საქმეში
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარი რაფაელ გლუქსმანი სააკაშვილის მიერ იყო დაქირავებული, როგორც ლობისტი, ის მათ შორის ფიგურირებს 9 მილიონის მითვისების საქმეში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არის კარგი ტესტი ყველასთვის, რომ ნახოს, უცხოელ პოლიტიკოსებში ვინ არის საქართველოს, ქართველი ხალხის და ვინ სააკაშვილის მეგობარი.

პაპუაშვილის თქმით, ეს ტესტი ძალიან კარგად მუშაობს და ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადების საფუძველზე ჩანს, რომ ისინი არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობრები, თუ პოლიტიკური პარტნიორები არიან.

„რაც შეეხება ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განცხადებას, იქნება ეს ანა ფოტიგა, თუ სხვა რამდენიმე, ვფიქრობ, აქ ნათლად არის ყველაფერი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა და მისი დაპატიმრება იქნებოდა ტესტი, რათა გვენახა, მათ შორის ჩვენს უცხოელ პოლიტიკოსებში, ვინ არის საქართველოს და ვინ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი.

ეს ტესტი ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადების საფუძველზე ახლა ვხედავთ, რომ ისინი არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ არიან მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობრები, თუ პოლიტიკური პარტნიორები, აქედან გამომდინარე არის განპირობებული მათი განცხადებები. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ანა ფოტიგა მათ შორის ვანო მერაბიშვილზეც ამბობდა პოლიტპატიმარიაო, ბაჩო ახალაიაზეც იგივეს ამბობდა, ახლაც ცდილობს, იგივე თქვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როდესაც ადამიანი სახელმწიფოს უყურებს არა როგორც ქვეყანას, მოსახლეობას და პატივს კიარ სცემს ქვეყანას, მოსახლეობას, არამედ მისი პატივისცემის საგანი და ობიექტი არის მხოლოდ ერთი ადამიანი, ან პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის უბრალოდ ჩვენი სახელმწიფოს დაკნინება, ჩვენი ხალხის დაკნინება და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა მაგალითისთვის აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის წევრი რაფაელ გლუქსმანი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული იყო, როგორც ლობისტი.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, რაფაელ გლუქსმანი მათ შორის ფიგურირებს 9 მილიონის მითვისების საქმეში.

„არის პირადი მეგობრობები, პირადი ლობიზმი, მათ შორის ოფიციალური ლობისტები. მაგალითად, რაფაელ გლუქსმანი, ევროპარლამენტის წევრი, რომელიც სწორედ ერთ-ერთი ორგანიზატორია ასეთი განცხადებებისა, მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაქირავებული როგორც ლობისტი, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. ის მათ შორის ფიგურირებს იმ 9 მილიონის მითვისების საქმეში, პიჯაკებს რომ ეძახიან, სადაც მისი გვარი ფიგურირებს სხვადასხვა სასტუმროში, სადაც არაოფიციალური ვიზიტები იყო და დაფარული, დამალული ხარჯები იყო, ჩუმად იხარჯებოდა ფული განცხრომაში, სხვადასხვა ქვეყანაში მათ განცხრომაში. მათ შორის რაფაელ გლუქსმანი, რომელიც დღეს გახლავთ ევროპარლამენტარი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ასეთი განცხადებების, აი, ასეთი ხალხი არის ჩართული ამ მოძრაობაში. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არის კარგი ტესტი ყველასთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ნახოს, ვინ არის საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობარი და ვინ – სააკაშვილის მეგობარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

დატოვე კომენტარი