შალვა პაპუაშვილი - პროგრესს აფასებს ევროკომისია, რამდენჯერმე სპეციალურად დაგვიდასტურეს, რომ ამ კუთხით ევროპარლამენტართა განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს – იგივე სცენარი, იგივე რეჟისორი, იგივე მსახიობები, იგივე არსი, რაც ამ ყველაფერშია ჩადებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში შესწორებებთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი საწყენია.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროგრესს აფასებს ევროკომისია და არა – ევროპარლამენტი.
„ჩვენ ვხედავთ და მთელი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა, როგორ ხდებოდა ეს. ერთი მხრივ, მომზადდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოამზადა მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, რომელიც დაკავებულია საქართველოს საკითხებით. ვნახეთ, რომ შემდეგ ამ პროექტზე სხვადასხვა შესწორება დაინიცირდა იმავე ხალხის მიმართ, ვინც ცნობილი არიან საკუთარი დამოკიდებულებით საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს საწყენია, რადგან ვხედავთ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომელთაც, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ აქვთ ერთადერთი დამოკიდებულება – მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან. მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს არ არის მეგობრობა საქართველოსთან. სამწუხარო რეალობის მომსწრენი ვართ ამ დისკუსიის ფარგლებში. ვნახოთ, შემდეგ რას გაითვალისწინებს პარლამენტი, თუმცა ეს არის გატკეპნილი გზა, რომლის მომსწრეც არაერთხელ ვიყავით. მთავარია, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების პროგრესს აფასებს ევროკომისია და არა – ევროპარლამენტი. ჩვენ რამდენჯერმე, სპეციალურად დაგვიდასტურეს, რომ საქართველოს პროგრესის შეფასებით კუთხით ევროპარლამენტარების დამოკიდებულებებს, განცხადებებს თუ ასე შემდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.