შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში წევრობაზე პროცესი დაძრულია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთ ეტაპზე არიან და ჩვენი ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ერთ-ერთი ლიდერია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში წევრობაზე პროცესი დაძრულია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთ ეტაპზე არიან და ჩვენი ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ერთ-ერთი ლიდერია

გარდა იმისა, რომ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ, ასევე ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დღეს აბსოლუტურად სხვა პროცესში იმყოფება, როცა ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„იცით, რომ პროცესი დაძრულია და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მადლიერი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კითხვარი უმოკლეს ვადაში შეადგინეს, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში პასუხები გაეცა. იცით, რომ პირველი ნაწილი უკვე გადაცემულია და დიდი ალბათობით, პასუხების მეორე ნაწილის გადაცემა ხვალ მოხდება. უკვე შეფასებას დაველოდებით.

იცით, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი ერთად განიხილება. ჩვენ ვართ სამი ქვეყანა, რომელიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს, ამ სამ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით. საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.