შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არსებობს ასოცირების შეთანხმება, 19 აპრილის შეთანხმება იყო ქართულ პარტიებს შორის, რასაც ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პროცესი დააზიანა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არსებობს ასოცირების შეთანხმება, 19 აპრილის შეთანხმება იყო ქართულ პარტიებს შორის, რასაც ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პროცესი დააზიანა

19 აპრილის შეთანხმებამ თავისი დადებითი როლი შეასრულა. ამ შეთანხმებამ შესაძლებელი გახადა, რომ დასრულებულიყო საბოტაჟი, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არსებობს ასოცირების შეთანხმება, ხოლო 19 აპრილის შეთანხმება იყო ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა და პროცესი დააზიანა.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ „გაყალბებული არჩევნების“ ე.წ. კამპანია იყო ყალბი და ეფუძნებოდა სიყალბეს, პარალელურ დათვლას, რომელიც არ იყო სიმართლე. აქედან გამომდინარე, 19 აპრილის შეთანხმებამ ამ ტყუილის დასრულების საშუალება მისცათ. ვნახეთ, რომ ოპოზიცია ამ შეთანხმების ინსტრუმენტაციას ცდილობდა. 100 დღე გავიდა და რვა ოპოზიციური საპარლამენტო პარტიიდან ოთხს არ ჰქონდა მოწერილი ხელი, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ და შარლ მიშელის შეთანხმება ვერ ასრულებდა თავის მეორე ფუნქციას, რაც დეპოლარიზაციას გულისხმობდა. როდესაც ამ შეთანხმებას მთავარი პოლარიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერდა და თავს ვალდებულად არ იხდიდა, დეპოლარიზაციის ნაწილი ყოფილიყო, თავისთავად ეს შეთანხმება თავის მიზანს ვერ აღწევდა. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არსებობს ასოცირების შეთანხმება და დღის წესრიგი. 19 აპრილის შეთანხმება არ იყო შეთანხმება ევროკავშირთან, ეს იყო შეთანხმება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი არ მოაწერა და პროცესი დააზიანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.