შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა თავისი გადაწყვეტილებით რუსეთს უთხრა, რომ საქართველო განიხილება კავშირის ნაწილად და არ არის მიტოვებული პერიფერია
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირმა თავისი გადაწყვეტილებით რუსეთს უთხრა, რომ საქართველო განიხილება კავშირის ნაწილად და არ არის მიტოვებული პერიფერია

საკუთარი გადაწყვეტილებით ევროკავშირმა რუსეთს უთხრა, რომ საქართველო დღეის იქით და, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სტატუსი მოგვენიჭება, განიხილება ევროკავშირის ნაწილად და არ არის მიტოვებული პერიფერია, რომელზეც შეიძლება, მხოლოდ სპონტანურად რაღაც რეაქციები გქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას: „რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოკუპაციის წინააღმდეგ? ევროპამ საკუთარი გადაწყვეტილებით რა უთხრა რუსეთს?“

„უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებს უთხრა, რომ ერთიანი საქართველოს ფორმატში მათი ადგილი ევროკავშირშია, იმ სივრცეში, რომელიც არის ეკონომიკური კეთილდღეობისა და მშვიდობის სივრცე. ამავე დროს, რუსეთს უთხრა, რომ საქართველო დღეის იქით და, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სტატუსი მოგვენიჭება, განიხილება ევროკავშირის ნაწილად და ეს არ არის მიტოვებული პერიფერია, რომელზეც შეიძლება, სპონტანურად რაღაც რეაქციები გქონდეს. საქართველო არის საერთო ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელიც პერსპექტივაში ევროკავშირის წევრი იქნება და ასრულდება ის მონახაზი, რომელზეც გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ევროპა არის სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ეს არის გზა დეოკუპაციის და აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის იმის გააზრების, რომ ერთიან საქართველოში ყოფნა მათი ინდივიდუალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა. ეს არის გზა, რომ დეოკუპაცია მოხდეს მშვიდობიანად, დამატებითი მსხვერპლის გარეშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.