შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის სპიკერის განცხადება შეეხებოდა იმას, რომ საჭიროა, ვენეციის კომისიამ მიღებულ კანონს კიდევ ერთხელ ჩახედოს, რამდენად სრულად არის ასახული ცვლილებები
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის სპიკერის განცხადება შეეხებოდა იმას, რომ საჭიროა, ვენეციის კომისიამ მიღებულ კანონს კიდევ ერთხელ ჩახედოს, რამდენად სრულად არის ასახული ცვლილებები

ეს ცვლილებები განპირობებული იყო იმით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობდა, რომელიც შარშან, ოქტომბერში გამოქვეყნდა და საჭირო იყო ამ დასკვნის ასახვა კანონმდებლობაში. ამიტომ, პარლამენტმა იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება მიმდინარეობს, კანონი დაჩქარებული წესით მივიღეთ, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კანონის მიღებით ხელახლა გაიხსნა ფანჯარა დამატებითი კანდიდატებისთვის, რომ აპლიკაციები წარადგინონ უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე. ეს ცვლილებები სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნას და მისი მიღება განპირობებული იყო, რომ    ეს რეკომენდაციები აგვესახა. სწორედ იმიტომ, რომ ეს ცვლილებები დაკავშირებული იყო საქართველოს საფინანსო დახმარებასთან, ეს ცვლილებები მივიღეთ და ვენეციის კომისიის დასკვნები ავსახეთ. ევროკავშირის სპიკერის განცხადება, რაც მოვისმინეთ, იმას შეეხებოდა, რომ საჭიროა, ვენეციის კომისიამ მიღებულ კანონს კიდევ ერთხელ ჩახედოს, რამდენად სრულად არის ასახული ცვლილებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ და მათ შინაარსობრივ მხარეზე შენიშვნები არ ჰქონიათ.

„ვენეციის კომისიას შეუძლია, ეს კანონი ნახოს და დარწმუნდეს, რომ ეს რეკომენდაციები ასახულია. კომიტეტში მის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ და მათ შინაარსობრივ მხარეზე შენიშვნები არ ჰქონიათ. რაც შეეხება სასამართლოს რეფორმის საკითხს, ეს სხვა თემაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენც ვსაუბრობთ და ჩვენი პროგრამის საკითხია, რომ 2024 წლისთვის, როცა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის სასამართლო უნდა იყოს სათანადო სიმაღლეზე, რომ ეს განაცხადი სერიოზული იყოს. სწორედ ამიტომ იყო, რომ შეთანხმების პროექტში, რომელსაც მმართველი გუნდი ეთანხმება, ვთქვით, რომ რეფორმის წინა ეტაპებს შევხედოთ და ვნახოთ, უცხოელ კოლეგებთან ერთად რა შედეგები მოიტანა ცვლილებებმა და აქედან გამომდინარე განვახორციელოთ შემდგომი ცვლილებები სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადება 7 აპრილს გაავრცელა.