შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირისა და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილია ექსტრემიზმი, ეს არის წითელი ხაზი, ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირისა და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილია ექსტრემიზმი, ეს არის წითელი ხაზი, ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილია და დაფინანსებულია ექსტრემიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლიდანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გარკვეული ძალები აფინანსებენ ექსტრემიზმს.

„რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან ფინანსდება ზიზღი, ძალადობის პროპაგანდა, ანუ, ფინანსდება ექსტრემიზმი. ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის თუ სხვა ელჩების მხრიდან, საჯაროდ, ცინიკურად არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც პირდაპირ არის განსაზღვრება ექსტრემიზმის. გერმანიამ აკრძალა ორგანიზაცია იმის გამო, რომ, მათ შორის, ისინი არ აღიარებდნენ არჩეული თუ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას, სამართლებრივ წესრიგს. საქართველოში იმავე ქვეყნების წყაროებიდან ფინანსდება ზუსტად ეს. ორგანიზაციები, რომლებიც არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობას, მიჰყვებიან ექსტრემიზმს. ამიტომ, მთავარი მოწოდებაა: დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში მხარდაჭერილია და დაფინანსებულია ექსტრემიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლიდანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.