შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი ხედავს, როგორც საქართველო, ასევე აშშ დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავენ და, მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროპის სივრცეში
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი ხედავს, როგორც საქართველო, ასევე აშშ დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავენ და, მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროპის სივრცეში

დავით კეზერაშვილი რომ კრიმინალია, ეს ქართული მართლმსაჯულების მიერ არის დადასტურებული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში.

„როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიზიარა ჩვენი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილის მიმართ. ის რომ კრიმინალია, ეს ქართული მართლმსაჯულების მიერ არის დადასტურებული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. არ ვიცი, ახლა უკვე ევროკავშირის ჯერია. ხედავენ, როგორც საქართველო, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები დავით კეზერაშვილს კრიმინალად განიხილავენ და, მგონი, ძალიან მძიმეა, რომ ასეთი კრიმინალი გადაადგილდება ევროკავშირის სივრცეში. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, თუ რა გავლენებია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მეშვეობით. ჩვენ ევროპის პარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია გვახსოვს, სადაც დავით კეზერაშვილის სახელი აღმოჩნდა. შემდეგ ვარკვევთ ხოლმე, როგორ მუშაობენ ლობისტები, რათა ასეთი ჩანაწერები აღმოჩნდეს ამ სახის რეზოლუციებში და პირდაპირ ეჭვი ჩნდება პოლიტიკური კორუფციის. ჩვენ ის კადრები გვახსოვს, დავით კეზერაშვილი როგორ ხვდებოდა კულტ ვოლკერს, რომელიც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მეუღლეა. სხვათა შორის, ამაზე „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ საერთოდ სიჩუმე შეინარჩუნა და არც კი გააშუქა სკანდალი, რომ კრიმინალი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ ამერიკელ ექსპერტს ხვდებოდა. კადრები გვახსენდება, სადაც „რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელობა კეზერაშვილს შეხვდა. სწორედ „რონდელის ფონდია“, რომელიც დღესდღეობით თავს ესხმის საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 თუ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას. ვხედავთ, პირდაპირი კავშირები აქვთ იმ ადამიანთან, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ქართული ჯარისთვის 5 მილიონის მოპარვაშია მხილებული საქართველოს მართლმსაჯულების მიერ. ეს შავი ფული ტრიალებს. გვახსოვს, რომ დავით კეზერაშვილი იყო ასევე დამფინანსებელი „სირცხვილიასა“ და ელენე ხოშტარიასი. ამავე დროს, ორივეს დამფინანსებელი იყო „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ფულს ხარჯავს ფარულად, თავის პროექტებს არ ასაჯაროებს და შიგადაშიგ მჟღავნდება ხოლმე, რომ ისინი პარტიებს კანონდარღვევით აფინანსებენ. „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფული, საქართველოს ჯარისთვის ფულის მომპარავ და ფულის გამათეთრებელ დავით კეზერაშვილთან ერთად, ამ შავ ფულთან ერთად, ევროკავშირის ფულიც ერთ ყულაბაში ექცევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ვფიქრობ, ევროკავშირმა ამაზე განმარტებები უნდა გააკეთოს, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა სისტემები აქვთ ისეთი, რომ ყურადღებას ვერ აქცევენ, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფული, ევროკომისიის მიერ ამ ორგანიზაციისთვის გადაცემული ფული, შავ ფულთან ერთად, ერთ სალაროში ტრიალებს და საქართველოში რადიკალურ დღის წესრიგს ხმარდება“.

„დავით კეზერაშვილის ფულის კრიმინალური წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ დასტურდება. ამის შედეგად ქართულ პოლიტიკაში სწორედ შავი ფული ტრიალებს „ნაცმოძრაობის“, „დროას“ და სხვა პარტიების სახით. ასევე, ქართულ მედიაში, რომელსაც დავით კეზერაშვილი ფლობს და საინტერესოა, ამ საკითხს მის საკუთრებაში მყოფი მედია როგორ გააშუქებს. ასევე, მისი აღიარებით, დავით კეზერაშვილი აფინანსებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ფარისევლობას, სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რომ ქართული არასამთავრობო სექტორი, მედიის ეს ნაწილი, პარტიების ნაწილი თუ ზოგიერთი ევროპელი აქტორი ჩვენ შემდეგ გველაპარაკება კანონის უზენაესობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოსა და გამჭვირვალეობაზე, მაშინ როცა თავად შავი ფულით ფინანსდებიან ან, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ შემთხვევაში, შავ ფულთან ერთად აზავებს ევროკავშირის მოქალაქეების ფულს და, ფაქტობრივად, ამით მონაწილეა ფულის გათეთრების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.