შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები, იმედი მაქვს, ამაზე დაფიქრდება ყველა პარტნიორი და გადმოგვცემენ დამნაშავეებს
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები, იმედი მაქვს, ამაზე დაფიქრდება ყველა პარტნიორი და გადმოგვცემენ დამნაშავეებს

ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები, იმედი მაქვს, ამაზე დაფიქრდება ყველა პარტნიორი და გადმოგვცემენ დამნაშავეებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ელოდება, რომ ევროპის ყველა დედაქალაქში გაზიარებული იქნება ის ღირებულებები, რომლის გამოც ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ ისწრაფვის.

„მთავრობის ორ განცხადებას რაც შეეხება, მათ შორის ევროკავშირის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩებთან საუბარს, მივესალმებით და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მხრიდანაც მკაფიოდ დაფიქსირდეს საქართველოს პოზიცია, რაც შეეხება სისხლის სამართლის დამნაშავის მაღალ დიპლომატიურ დონეზე მიღებას ბერლინსა და ბრიუსელში.

საზოგადოებას შევახსენებთ, ეს არ იყო მხოლოდ მისი ყოფნა ბუნდესტაგის ვიზიტორების ლოჟაში ან მხოლოდ შეხვედრა ერთ წარმომადგენელთან ევროკომისიაში, ეს იყო შეხვედრების მთელი სერია, მათ შორის, გერმანიაში. ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა გერმანიის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაში, გენერალურ პროკურორთან შეხვედრაში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში. ბრიუსელში ის მონაწილეობდა მართლმსაჯულების საკითხებში კომისართან შეხვედრაში, ხაზს ვუსვამ, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისართან და სხვადასხვა დირექტორატის ხელმძღვანელებთან შეხვედრებში. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს, გააძლიეროს და კითხვები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ერთგულია ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი იმ ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ და ევროკავშირი ვიზიარებთ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის მხრივ. ეს ეწინააღმდეგება იმ ცხრა პრიორიტეტს, რომელზეც საუბარი გვაქვს. ეწინააღმდეგება პირველივე პრიორიტეტს დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. რა არის, თუ არა დეზინფორმაცია, როდესაც ხდება ადეიშვილის წარმოჩენა ისე, როგორც ადამიანისა, რომელთანაც შესაძლებელია მაღალდიპლომატიურ დონეზე საუბარი და მისი წარმოჩენა ნორმალურ ჭრილში.

გარდა ამ შეხვედრებისა, კიდევ უფრო დამაფიქრებელი იყო გერმანიის და ევროკავშირის საელჩოების განცხადებები. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ქართველ ხალხს მოესმინა წუხილი იმის გამო, რომ ასეთი შეხვედრები შედგა, მოგვესმინა განმარტებები, ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, რომ იყო მცდელობა, ზურაბ ადეიშვილთან, კრიმინალთან ამ დონის შეხვედრების ნორმალიზებისა. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ვწუხვარ, რომ საელჩოებს ასეთი რეაქცია ჰქონდათ იმ სამართლიან აღშფოთებაზე, რომელიც საზოგადოებაში იყო.

ქართველი ხალხი ელოდება, რომ ის ღირებულებები, რომლებსაც ვიზიარებთ ევროკავშირთან, რომლის გამოც ვისწრაფვით ევროკავშირში, გაზიარებული იქნება ევროპის ყველა დედაქალაქში, ყველა დონეზე და, შესაბამისად, იქნება რეაგირებები.

ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საუბარი იყო ხან 12 პრიორიტეტზე, ხან ცხრა პრიორიტეტზე ქართველი ხალხის მიმართ. მათ აქვთ ერთი, მაგრამ ძალიან მკაცრი პრიორიტეტი ევროკავშირთან მიმართებით – ევროკავშირი არ უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავს აფარებენ ქართველი კრიმინალები და არ უნდა მოხდეს ნორმალურ ჭრილში წარმოჩენა იმ ადამიანებთან ურთიერთობის, რომელმაც საქართველოში შექმნეს წამების, ადამიანის ღირსების შელახვის, ბიზნესის რეკეტის სისტემა. იმედი მაქვს, ამაზე დაფიქრდება ყველა ჩვენი პარტნიორი და გადმოგვცემენ დამნაშავეებს.

პრემიერ-მინისტრმაც ხაზი გაუსვა, რომ, გარდა ზურაბ ადეიშვილისა, რომელიც უკრაინის გენპროკურორის მრჩეველია, ის ერთ-ერთი მთავარი ადამიანია მართლმსაჯულების რეფორმისა უკრაინაში, არამხოლოდ უკრაინაში, მისი მოადგილე მოლდოვაში ახორციელებს მართლმსაჯულების რეფორმას და ასე ხდება წარმოჩენა. გია ლორთქიფანიძე, რომელიც ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილის შემოპარვაში, კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეა. მნიშვნელოვანია, ეს კრიმინალები საქართველოს გადმოეცეს. დავით კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირს და თავისუფლად გადაადგილდება. ადამიანი, რომელიც დადასტურებულად, საკუთარი აღიარებითვე, საქართველოში აფინანსებს პარტიებს, „ენჯეოებს“ და მედიას, რადიკალურ პარტიებს, „ენჯეოს“ და მედიას; მათ შორის, ყვლეფს და ძარცვავს ევროკავშირში მცხოვრებ პენსიონერებს. ამას ქართველი ხალხი როცა ხედავს, ყველაზე დიდი დარტყმაა იმ აღქმებზე, რომელთანაც დაკავშირებული უნდა იყოს ევროკავშირი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ ზურაბ ადეიშვილის ბრიუსელსა და ბერლინში ვიზიტებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.