შალვა პაპუაშვილი „ევროჯასტის“ პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი „ევროჯასტის“ პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, „ევროჯასტის“ პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს შეხვდა.

როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლადისლავ ჰამრანმა მადლობა გადაუხადა ტრანსასაზღვრო დანაშაულებებთან ბრძოლის საკითხზე წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის არსებობს.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის იმის მაგალითი, როგორია საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის წარმატებული ისტორია.

„ჩვენ ვიცით დანაშაულები, რომელიც „ევროჯასტის“ დახმარებით იქნა გამოძიებული და გახსნილი, მათ შორის სულ ახლახან. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასეთი სახის ურთიერთობები იყოს სამომავლოდაც წარმატებული. საქმეები, რომლებიც ევროპული სივრცისთვის საფრთხეს წარმოადგენს, არის ტრანსასაზღვრო დანაშაულის კატეგორიის. ვფიქრობთ, შესაძლებელია, საქართველო უფრო აქტიურად იყოს ჩართული, ვინაიდან ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ევროკავშირისა და, ზოგადად, ევროპის სივრცე იყოს უფრო უსაფრთხო სივრცე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ევროჯასტის“ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა „ევროჯასტში“ საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე.