შალვა პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის პროცესებმა დაგვანახა ჯგუფები ქვეყნის გარეთ, რომლებიც არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას ამ გზაზე
შალვა პაპუაშვილი - ევროინტეგრაციის პროცესებმა დაგვანახა ჯგუფები ქვეყნის გარეთ, რომლებიც არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას ამ გზაზე

ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან საქართველოს მეგობრები, ჩვენ სასიკეთოს არც ღონისძიებას ველით, არც განცხადებას და არც გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაზე.

მისი თქმით, ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაარწმუნონ ევროკავშირი, თითქოს საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის გარეთ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.

„განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის პროცესებმა დაგვანახა, ვინ არის ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. ვნახეთ ისიც, რომ ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გულზე მჯიღს იცემენ „საქართველო, საქართველო”-ს სკანდირებით, რამდენად წვრილმანი პოლიტიკანები არიან, როცა საქმე ეხება ქვეყნის წინსვლას. ყველაფერს აკეთებენ, რათა დაარწმუნონ ევროკავშირი, თითქოს საქართველო არ იმსახურებს სტატუსს. ჩვენ ვნახეთ, რომ ის ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან და არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები, ყველაფერს აკეთებენ ამ პერიოდში, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას ამ გზაზე. ვნახეთ მათი მცდელობები რეზოლუციების კუთხით, როგორ დაესხნენ თავს სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ტექსტს, როგორ მოხდა ძალის კონცენტრირება, რომ ტექსტში აღმოჩენილიყო პირდაპირი მოწოდებები ევროკომისიის მიმართ, რომ საქართველოს სტატუსი არ მისცენ. ერთი მხრივ, არის ევროკავშირის დარწმუნების საკითხი და, მეორე მხრივ, ხელის შემშლელი ფაქტორები ქვეყნის შიგნით და გარეთ. ჩვენს ხელისუფლებას ძალიან რთულ პერიოდში უწევს მუშაობა, რომ რამენაირად ეს საფრთხეები გავანეიტრალოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტთა“ ჯგუფის მიერ ორგანიზებული პანელი დაანონსა, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართება. ევროპარლამენტარის განცხადებით, პანელის მთავარი თემა „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“ იქნება.