შალვა პაპუაშვილი - ევროინტეგრაცია არის ორმხრივი გზა, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ევროპა მოდის ჩვენკენ და ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხებზე
ევროინტეგრაცია არის ორმხრივი გზა, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ევროპა მოდის ჩვენკენ და ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „აღმოჩნდა, რომ ქვეყნის გარეთ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, თურმე ევროინტეგრაცია უნდა იყოს ცალმხრივი, მითითებების, დირექტივების პროცესი და არა ორმხრივი პროცესი“.
„მართლაც შეურაცხყოფის დონეზე იყო უკვე ბოლოს მისული ეს დამოკიდებულება, როცა ვხედავდით, რომ ევროპარლამენტარები, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიოდნენ და თითქოს რაღაც „ჭ“ კლასის სახელმწიფო ვიყოთ, რომელთანაც უნდა ჩახვიდე და წარმოაჩინო, თითქოს ჩვენ ვართ ღირებულებებისგან დაცლილი საზოგადოება, რომელსაც რაღაც ღირებულებები უნდა ჩაუნერგო; რომ ჩვენ ვართ ინსტიტუციურად შეუმდგარი სახელმწიფო, რომელსაც ინსტიტუციები უნდა ჩამოუყალიბო. ბოლოს ხომ ამას გვაჩვევდნენ ოპოზიცია და ეს ჯგუფები, რომ მოსამართლე უნდა იყოს უცხოელი, ქართველი ვერ იზამს ამას; არჩევნები უნდა ჩაატაროს უცხოელმა, ქართველებს ამის ცოდნა, უნარი და სინდისი არ აქვთ და ასე შემდეგ. აი, ამას გვაჩვევდნენ. ევროინტეგრაციის სახელით გვეუბნებოდნენ, თქვენ ხართ შეუმდგარი სახელმწიფო, ღირებულებების არმქონე საზოგადოება და აქ ჩვენ, ევროქურუმები უნდა ჩამოვიდეთ და ვიქადაგოთ, რა არის ნამდვილი, ადამიანური ღირებულებები და რა არის სახელმწიფო. ამას გვეუბნებოდნენ 3 000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის და 1 700-წლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერს, ევროპა, რომელიც თავად არის დაფუძნებული ქრისტიანულ ღირებულებებზე. როდესაც ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ქრისტიანული ღირებულებებიდან აღმოცენებული ღირებულებები და ვინ, თუ არა ქართველი ერი, არის შემნახველი ამ ქრისტიანული, ანუ ევროპული ღირებულებების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.