შალვა პაპუაშვილი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მსგავსად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად იქცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის ტიპური მაგალითი დეზინფორმაციული ნარატივების შექმნისა.
პაპუაშვილის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთოდ ხაზი გადაუსვა საერთაშორისო სამართალს.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კვალდაკვალ, ახლა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩართეს იგივე ძალებმა. ვხედავთ ხომ, ჯო უილსონი და სხვა ევროპელი ანტიქართველები არიან ჩართული ამგვარი ტექსტების შეთხზვაში, რომელიც არის პირდაპირი სიყალბე, დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის. სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის. კერძოდ, ამ შემთხვევაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გადაუსვა საერთოდ საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად, იქცა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.