ეუთო-ს დელეგაციაც დაინტერესდა და პასუხი მარტივია, საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია პარტია ანტიკონსტიტუციური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი თავისი გადაწყვეტილების გადახედვას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს, ვის აქვს უფლება, ეს საკითხი გადაწყვიტოს და ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო.
„ჩვენი კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს, ვის აქვს უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ამაშია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის წევრების ჯგუფი, რომელსაც შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების უფლება, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გქონდეთ, მაგალითად, ქონებრივი დავა, მიმართოთ სასამართლოს და ვინმე მოვიდეს და გისაყვედუროთ, რატომ მიმართეთ სასამართლოსო. ან თქვენ გქონდეთ დავა სახელმწიფოსთან, რადგან რაღაც საბუთს არ გაძლევთ სახელმწიფო, მიმართოთ ადმინისტრაციულ სასამართლოს და ვინმე მოვიდეს და საყვედური გითხრათ, რატომ მიმართეთ სასამართლოსო. დაუშვებელია პრეტენზიის წაყენება ვინმეს მიმართ, როდესაც ის იყენებს საკუთარ უფლებას, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არის ფუნდამენტური უფლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, გასათვალისწინებელია თუ არა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰყავთ თავიანთი ელექტორატი, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ელექტორატი ჰყავთ გერმანიაში ფაშისტებსაც.
„მოძრაობას, რომელიც აკრძალა გერმანიამ, 20 000 წევრი ჰყავდა და აუკრძალეს. როგორ ბედავენ მაშინ, 20 000 ადამიანს აუკრძალონ, რომ ჰქონდეთ რაღაც რადიკალური წარმოდგენები? სწორედ ამიტომაც არის ეს მექანიზმი კონსტიტუციაში, რომ სახელმწიფომ დემოკრატიის მტრების ორგანიზებული ყოფნა აკრძალოს, რათა ცდუნება არ იყოს მოქალაქეებისთვის, რომ ჩაითრიონ საკუთარ რადიკალურ და ექსტრემისტულ დღის წესრიგში. რაც შეეხება იმას, არიან თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ იქ შემავალი პოლიტიკური ძალები, ნიკა გვარამია თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის და სხვები, ვინც იქ არიან, გირჩი ჯაფარიძე და ა.შ., აბა, ვინ არის სხვა „ნაციონალური მოძრაობა?““ – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პირიქით, ასეთი პარტიების აკრძალვა კარგია დემოკრატიისთვის, რადგან მათ როცა აქვთ მცდელობა, ისარგებლონ დემოკრატიის სიკეთეებით, დააორგანიზონ და ჩაატარონ, მაგალითად, შეკრება, ასეთ რაღაცას აორგანიზებენ და შარშან, 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა საქართველოს 7 000 მოქალაქე, რომელიც მზად იყო, მოეწყო სისხლიანი ნეპალი.
„ამისთვის მივიდა იქ 7 000 კაცი, ჩვენი თანამოქალაქე, ექიმი, სტუდენტი, ლექტორი, მუშა, ინჟინერი და სხვადასხვა ადამიანი; მივიდნენ იქ და მზად იყვნენ, ეს ქვეყანა დაემხოთ. ხელისუფლება კი არა, ქვეყანა დაემხოთ. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როდესაც ასეთ ნაბიჯზე მიდიან ადამიანები. საქართველოში 90-იანი წლები ჩვენ გამოვლილი გვაქვს. მათ შორის, ესეც ვუთხარი მე ჩვენს კოლეგებს დელეგაციიდან, რომ ჩვენ ჩვენი წარსულით მოვდივართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. მათ შორის, ესპანელი ხელმძღვანელი არის დელეგაციის და ასამბლეის ხელმძღვანელი იმათ თავიანთი გამოწვევა აქვთ რადიკალიზმსა და ექსტრემიზმთან ესპანეთში. ასე რომ, ყველას ძალიან კარგად ესმის ამ გამოწვევების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა რაც მოხდა, აღდგა ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„ის ეგრეთ წოდებული ალიანსი და სინამდვილეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისევ დაუბრუნდა თავის მთავარ სახელწოდებას. იცვლიდნენ სახელებს, ხან „გირჩს“ ირქმევდნენ, ხან – „ახალს“, ხან – იმას და ხან – ამას, სინამდვილეში კი, რაც მოხდა ახლა, აღდგა ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ასეთი ერთიანები, მე მგონი, უკვე დიდი ხანია, არ ყოფილან, ფორმალურად გაერთიანებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ჩვენ გვაძლევს მიზეზს, რომ დავფიქრდეთ, ხომ არ მოხდეს იმ წრის გაზრდა, რომლითაც აქამდე მიმართული გვქონდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, შევა თუ არა ამ სიაში „თავისუფლების მოედანი“ და „ფედერალისტები“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ მოქმედებენ თვითნებურად.
„ჩვენ ყველაფერს ვაფუძნებთ სამართლებრივ არგუმენტაციას. ამიტომაც ვფიქრობთ, მყარია ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც აქამდე შევიტანეთ და ამიტომაც ჩვენ სამართლებრივად ვსწავლობთ ამ გარემოებებს; ვუყურებთ იმას, სად გვაქვს და სად, შეიძლება, გვქონდეს ჩვენ არგუმენტები და მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ ესა თუ ის პარტია კონსტიტუციის მიღმაა. ამიტომ, თავად როცა დავრწმუნდებით, რომ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, ვის მიმართაც გვექნება, ვინმეს მიმართ თუ გვექნება, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ალიანსში შეიკრნენ და თავად გამოაქვეყნეს წერილობით საკუთარი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ.
„დოკუმენტი გვაქვს, რომელიც ისტორიაში აღმოჩნდება. ბევრი ქართული მოღალატეობრივი ჯგუფის ასეთი წერილობითი თანხმობა არ გვინახავს და აი, ეს ისტორიას შემორჩება. პირდაპირ აქვთ გაწერილი, როგორ ფიქრობენ, რომ დაამხონ საქართველო და საკუთარი სახელმწიფო როგორ უნდა დაამხონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ ჯგუფებმა თავად შექმნეს ანტიქართული გაერთიანება და ხელისუფლებას მისცეს საბაბი იმისთვის, რათა დაფიქრდნენ, რასთან გვაქვს საქმე და ხომ არ არის სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ კონსტიტუციურ სარჩელში შეიტანონ შესაბამისი შესწორება.
