შალვა პაპუაშვილი – ეუთო/ოდირ-ს დაკვირვების სურვილი თუ ექნებოდა, ამისთვის საკმარისი დროა, „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“
ეუთო/ოდირ-ს დაკვირვების სურვილი თუ ექნებოდა, ამისთვის საკმარისი დროა. „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არანაირად არ ეხება, საქართველოს არჩევნებს ვინ დააკვირდება და ვინ – არა.
„„თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“. ეუთო/ოდირ-ს დაკვირვების სურვილი თუ ექნებოდა, საკმარისი დრო არის, რომ დააკვირდნენ. სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო და ერთ თვეში ვაპირებთ ჩვენ და სხვა პარტიები, რომ საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ. ახლა დაკვირვებას არაფერი წინ არ უდგას. ასე რომ, „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა“ და არანაირი პრობლემა არ იყო, ჩამოსულიყვნენ და დაკვირვებოდნენ. ეს ერთი; მეორე, მათ შორის, გუშინ ვნახე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ წუხან, დაკვირვებას ვერ შეძლებს ეუთო-ო. მოსახლეობას ვეტყვი, რომ შვედეთში არცერთხელ არ მოუწვევიათ ეუთო/ოდირ-ი ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, ისტორიაში არცერთხელ, არასდროს არ მიუწვევიათ. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყნის არჩევნები, არანაირად არ ეხება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს არჩევნებს ვინ დააკვირდება და ვინ – არა; და, მესამე, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ერიკ ოტოსონი 2024 წლის 11 თუ 12 ნოემბერს იდგა აქ, არჩევნების შემდეგ ანტისამთავრობო მიტინგზე. შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ეუთო/ოდირ-ის დასკვნას არ აღიარებდა. შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ერიკ ოტოსონი საქართველოს რადიკალურ ოპოზიციას მოუწოდებდა „მაიდნისკენ“. დღემდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამიჯვნია ამ მოწოდებას ძალადობრივი დამხობისკენ, ეს არის ფარისევლური განცხადება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.