შალვა პაპუაშვილი - ეუთო-ს ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები დამკვირვებლებად შეეგზავნათ, რაზეც 37 ორგანიზაცია ვამხილეთ
შალვა პაპუაშვილი - ეუთო-ს ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები დამკვირვებლებად შეეგზავნათ, რაზეც 37 ორგანიზაცია ვამხილეთ

ნიშანდობლივია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო დამკვირვებლებად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე, რაზეც, როგორც გახსოვთ, ჩვენი კვლევაც მიუთითებდა, რომლითაც რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული 37 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვამხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე, ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე ორი თვეა, არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ.

„ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეობის“, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების ხუთი მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ. შევახსენებ საზოგადოებას, რომ არაფერი ახალი ამ ხალხის ხელწერაში არ არის. 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მერვე არჩევნებია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საუბრობენ უპრეცედენტო გაყალბებებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციას საარჩევნო უბნებზე ჯამში 24 000 კომისიის წევრი ჰყავდა და ამდენივე წარმომადგენელი, საიდანაც მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა განსხვავებული აზრი საარჩევნო უბნის ოქმის შედგენისას. საუბრობენ უპრეცედნტო დარღვევებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობის, 25 000 ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი იყო, შედეგად კი სულ 1 200 საჩივარი დაიწერა მაშინ, როდესაც 2020 წლის არჩევნებისას საჩივრების რაოდენობა 2 000-ზე მეტი იყო. საუბრობენ უპრეცედენტო ძალადობა, ოღონდ იმ ფონზე, როცა 3 111 უბანზე ორ მილიონზე მეტი ამომრჩევლის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიშში სულ ძალადობის 13 ინციდენტი აღიწერა და ეუთო/ოდირმა ამას იზოლირებული შემთხვევები დაარქვა. სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, ახლაც რადიკალურ ოპოზიციას, საბოლოო ჯამში, მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.