შალვა პაპუაშვილი - ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან
შალვა პაპუაშვილი - ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან

ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხედ მიიღო ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოიპოვა, რისთვისაც ქართველ ხალხს მადლობას უხდის.

„მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც სამი წლის წინ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევისას ვთქვი: ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში, ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ერთი თვის წინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი თავისუფალი, პირდაპირი და მტკიცე ნება, ვის ანდობდა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის სადავეებს. ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში სრული უმრავლესობა მოვიპოვეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მორიგ ჯერზე ბრძნულად განჭვრიტა ვითარება, თავი არ მოატყუებინა არავის და მხარი იმ გუნდს დაუჭირა, ვისი მთავარი საზრუნავიც საქართველო და მისი თითოეული მოქალაქეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.