შალვა პაპუაშვილი - ერთად გავიმარჯვეთ ყველამ, ვინაიდან ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დადგა, როგორც კლდე, ქართველი ხალხი ვერ დამარცხდება, ვიდრე ჩვენ მამულს, ენას, სარწმუნოებას ვატარებთ გულში
ქართველი ხალხი ვერ დამარცხდება ვერასდროს, ვიდრე ჩვენ მამულს, ენას, სარწმუნოებას ვატარებთ გულში და ვიდგებით სალი კლდესავით ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დადგა, როგორც კლდე.
ამასთან, პაპუაშვილმა ყველას მადლობა გადაუხადა.
„ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას. ერთად გავიმარჯვეთ ყველამ, ვინაიდან ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დადგა, როგორც კლდე. ეს არის მომენტები, როდესაც ჩვენი ისტორია იქმნება და დღეს კიდევ ერთხელ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია. მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა, მიუხედავად, მათ შორის, ამ დღეებში ჩვენი ტვინების არევის მცდელობისა, საინფორმაციო თავდასხმისა შიგნიდან თუ გარედან, ქართველი ხალხი დადგა, როგორც სალი კლდე და არ გაატარა არავინ იმ სუვერენიტეტის ზღვარს მიღმა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს. მადლობა თითოეულ ქართველს, რომელიც დღეს წავიდა არჩევნებზე, მისცა ხმა და იყო დემოკრატიული პროცესის მონაწილე, რასაც ჰქვია ძალაუფლების მანდატის გადაცემა რჩეულებისთვის. მინდა, მივულოცო უპირველეს ყოვლისა კახა კალაძეს. მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ მნიშვნელოვანი შედეგია, რაც ჩვენ თბილისში და მთლიანად საქართველოში ვაჩვენეთ. მინდა, დანარჩენ 63 მერს მივულოცო ეს გამარჯვება. ვიცი, რა შრომა დევს ამ გამარჯვებაში. ვიცი, როგორი მხარდაჭერა დევს ამ გამარჯვებაში და ეს არის ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, რომელიც ხალხთან ერთად მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ დიდი გამარჯვების სულისჩამდგმელი და იდეის განმსაზღვრელი არის. ამ სალი კლდეს სჭირდება გამაგრება და მთავარი ადამიანი, ვინც ჩვენ გვაერთიანებს და გვამაგრებს არის ბიძინა ივანიშვილი, მადლობა იმ დიდი გამარჯვებებისთვის, რომელსაც უკვე მერამდენე არჩევნებია, ქართველი ხალხი ხედავს. ქართველი ხალხი ვერ დამარცხდება ვერასდროს, ვიდრე ჩვენ მამულს, ენას, სარწმუნოებას ვატარებთ გულში და ვიდგებით სალი კლდესავით ჩვენი დამოუკიდებლობის დასაცავად. მადლობა და გილოცავთ ყველას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.