შალვა პაპუაშვილი - ეროვნული თანხმობა პრეზიდენტის ინიციატივაა, ის არის პასუხისმგებელი ამ ინიციატივაზეც და ფორმატზეც
შალვა პაპუაშვილი - ეროვნული თანხმობა პრეზიდენტის ინიციატივაა, ის არის პასუხისმგებელი ამ ინიციატივაზეც და ფორმატზეც

ეროვნული თანხმობა პრეზიდენტის ინიციატივაა და ის არის პასუხისმგებელი ამ ინიციატივაზეც და ფორმატზეც, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა შანსი, რომ ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივამ შედეგი გამოიღოს.

„ჩვენ გვახსოვს, მისი განცხადებაც იყო, რომ ის იწყებდა 90-იანი წლებიდან და ამ საკითხებში გარკვევიდან. ჩვენ ჩვენი სკეპტიციზმი ამ კუთხითაც ვთქვით, რომ არათუ დღევანდელ სიტუაციაშია ასე თანხმობა შესაძლებელი, 90-იან წლებსაც რომ მივუბრუნდეთ, იმდროინდელი აქტორებიდან ზოგიერთი დღესაც აქტიურად არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არ მგონია, ასე ადვილი იყოს ამ საკითხების გარჩევა-გარკვევა და შეთანხმება, თუ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, ეს პრეზიდენტის ინიციატივაა. ჩვენ ვუთხარით კიდეც მას, რომ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი კი მის ხელშია. ვერ გეტყვით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არის საკითხები, რომელიც ხელს უშლის მათ შორის, დეპოლარიზაციას.

„ხანდახან, არის მცდელობა, რომ რაღაც აკადემიური დისკუსიით ნამდვილ პრობლემებს თვალი არ გავუსწოროთ და გვქონდეს მსჯელობა იმაზე, თუ რაზე შეიძლება შეთანხმება, მაგრამ ათი წელია, გვიდგას მთავარი პრობლემა და მანამდე სხვა ათი წელი იყო, რაც რადიკალიზაციის პრობლემას ამზადებდა. არის პრობლემა, რომ ჩვენ ათი წელია, გვყავს ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც უბრალოდ, არ აღიარებს, რომ არის ოპოზიციაში. აი, ეს არის ის მთავარი შეკრული წრე, რომელსაც ეს პარტია ვერ არღვევს და ვერ აღიარებს, რომ არის ოპოზიციაში. იყო ცხრა არჩევნები, ცხრავე წააგო და დღემდე, მათ რომ ჰკითხოთ, არ აღიარებენ იმას, რომ ოპოზიციაში არიან. ისინი მენტალურად ფიქრობენ, რომ არიან ხელისუფლებაში, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს და ამიტომ, მათი პოზიცია, მათ შორის, ხელისუფლებასთან საუბრის, არის ხელისუფლების ასე ვთქვათ, პედესტალიდან. ისინი ხელისუფლებას ესაუბრებიან, როგორც ალტერნატიული ხელისუფლება. აქ წრე შეკრულია და უბრალოდ, არაფერი არ გამოვა, ვიდრე ოპოზიციის ეს ნაწილი არ აღიარებს, რომ ისინი ოპოზიციაში არიან. მათ აქედან უფრო ძლიერად შეუძლიათ მათ შორის, საკუთარი პოზიციების გაძლიერება, მაგრამ სამწუხაროდ, ამასაც ვერ ხვდებიან, რამხელა ძალაა ოპოზიციაში, მით უმეტეს, როდესაც მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა ჰყავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, ეს ოპოზიციური პარტია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, როცა სახეზე არის ეს, რა თქმა უნდა, შეთანხმების მიღწევა რთულია.