შალვა პაპუაშვილი - ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გადაგვიხადა მადლობა მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის
შალვა პაპუაშვილი - ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, გადაგვიხადა მადლობა მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პორტუგალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, ავგუსტო სანტოს სილვასთან, რა დროსაც მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, უსაფრთხოების გარემო, აგრეთვე, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული პოლიტიკა და ოკუპირებული რეგიონები.

„მადლიერება გამოვხატე პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვით დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველო-პორტუგალიის თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე სექტორული კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ვისაუბრეთ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე, ქართულ მხარეს მადლობა გადაგვიხადა ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენთვის ღირებულია პორტუგალიის გამოცდილება და მხარდაჭერა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.