შალვა პაპუაშვილი - ენტონი ბლინკენის წერილის მთავარი არსია, რომ ილია დარჩიაშვილთან თანამშრომლობას იმედებით უყურებს, არ მესმის, სხვანაირად როგორ შეიძლება, ეს წერილი გავიგოთ
შალვა პაპუაშვილი - ენტონი ბლინკენის წერილის მთავარი არსია, რომ ილია დარჩიაშვილთან თანამშრომლობას იმედებით უყურებს, არ მესმის, სხვანაირად როგორ შეიძლება, ეს წერილი გავიგოთ

ენტონი ბლინკენის წერილი მხარდამჭერი წერილია, რომელშიც ხაზგასმით ეწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, წერილის მთავარი არსი ის არის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და მასთან თანამშრომლობას იმედებით უყურებს.

„ასე რომ, სხვანაირად როგორ შეიძლება, ეს წერილი გავიგოთ, არ მესმის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო გმობს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

„საქართველო არათუ არის ამ პროცესის მონაწილე, რასაც აგრესიის დაგმობა ჰქვია, არამედ არის ინიციატორიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაერო-ს რეზოლუციაზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე და სხვა ფორუმებზე, ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ რაღაცას მხარი დავუჭირეთ, არამედ იმაზე, რომ ჩვენ ვიყავით ინიციატორები. ვიყავით გაერო-ს რეზოლუციისა და გადაწყვეტილებების თანასპონსორები, ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც დანაშაულები უნდა გამოვლინდეს, ვიყავით მიმართვის ინიციატორები, რომ სასამართლოს დაეწყო გამოძიება, ასე რომ, საქართველო არა მხოლოდ მონაწილეობს, არამედ ამ პროცესის ინიციატორია. მოგვისმენია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან აღიარება იმ წვლილისა, რომელიც საქართველოს სწორედ ამ პროცესში შეაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მისალოც წერილში ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ მტკიცედ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული.