შალვა პაპუაშვილი - ეპშტეინის სკანდალის გამო ვხედავთ სხვადასხვა პირის ერთი მეორის მიყოლებით გადადგომას, ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს
ეპშტეინის სკანდალის გამო ვხედავთ სხვადასხვა პირის ერთი მეორის მიყოლებით გადადგომას. ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე ჩანიშნულ განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე ვიგებთ, რომ კომისიაში არის სკანდალი. კერძოდ, ჰელსინკის კომისიის ყოფილი მაღალჩინოსანი მოქმედ წევრებს ადანაშაულებს კორუფციულ გარიგებებში, „ფარას“ გვერდის ავლით ფინანსურ დარღვევებში. მათ შორის საუბრობს კონკრეტულ პირებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან ეფშტეინის სკანდალთან. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი?“
პაპუაშვილის შეფასებით, ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უფსკრული, არამედ ეს არის ადამიანური უფსკრული.
„იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ეპშტეინის და მის კუნძულთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მჟღავნდება, ვხედავთ ერთი მეორის მიყოლებით გადადგომებს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის, დიპლომატების როგორც აშშ-ში, ისე ევროპის ქვეყნებში. ამის ფონზე როდესაც გვესმის კრიტიკა ადამიანებისგან, რომლებიც ამ პოლიტიკური ლანდშაფტის ნაწილი არიან, რა თქმა უნდა, ერთადერთი პასუხი, რაც ჩნდება არის ის, რომ ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს. ძალიან მძიმეა, რასაც ვუყურებთ, ის, რაც ცხადდება ახლა, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა ჩართული იყო. ეს უკვე აღარ არის ცივილიზაციური უფსკრული, ეს არის ადამიანური უფსკრული, სადაც თურმე მთელი პოლიტიკური ელიტის დიდი თუ მნიშვნელოვანი ნაწილი, მნიშვნელოვანი პირები იყვნენ ჩართული. ახლახან ვნახეთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი გადადგა თუ გადააყენეს სწორედ იმის გამო, რომ მასაც რაღაც კონტაქტები ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში მისი რეკომენდაციით იყო დანიშნული ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ეფშტეინის ფაილებში იძებნება. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, განსაკუთრებით ევროპაში, ეს არის არა მხოლოდ ცივილიზაციური უფსკრული, არამედ ადამიანური, საიდანაც შემდეგ გვესმის კრიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველამ თავის ეპშტეინის კუნძულს მიხედოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.