შალვა პაპუაშვილი - ძალიან სამწუხაროა, როდესაც ზრდასრული ადამიანები საკუთარ ხელმოწერას არ სცემენ პატივს, ეს განსაკუთრებით „ლელოს“ ხელმძღვანელობას ეხება
დოკუმენტში წერია პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული და არა არსებული პოლიტიკური მართლმსაჯულება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, ნიშნავს თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული პირველი პუნქტის ჩანაწერი – „პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი საქმე“ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა აღიარა.
„აი, სწორედ ეს აღქმებია, რომლითაც ჩვენი ოპონენტები ახერხებენ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფები აიყოლიონ. ეს ჩვენი პოლიტიკის და საზოგადოების საკმაოდ მძიმე ტვირთია, რომ დასკვნების გაკეთება ხდება აღქმებით და არა ფაქტებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ფაქტებით ვიმსჯელოთ და იმის გამო, რომ ფაქტებით ვმსჯელობდით, შევძელით იმის დამტკიცება, რომ არჩევნებში მანიპულაციებთან, დათვლასთან და ა.შ დაკავშირებით ოპონენტების მიერ აღქმებით წარმოდგენილი მონაცემები ფაქტებით უარვყავით. რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, არა მხოლოდ ამ შეთანხმებაში, არამედ საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო დონეზე არსად არავინ არ საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე, როგორც ტერმინზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა რეპუტაციული თვალსაზრისით „ქართული ოცნებისთვის“ წამგებიანი ეს შეთანხმება, რადგან ორივე საკითხზე, რასაც მმართველი გუნდი წითელ ხაზად აღიარებდა, დათმობა მოუხდა, რის გამოც პარტიის აქტიური მხარდამჭერები გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტში წარმოდგენილი იყოს არსებული პოლიტიკური გემოვნების მრავალფეროვნება და ხელისუფლების მხრიდან დიალოგში შესვლა ამით იყო განპირობებული.
„ამით იყო განპირობებული ის, რომ დიალოგში შევედით, თორემ პარლამენტი შემდგარია, ფუნქციონირებს, ყველა კანონს ვიღებთ, რისი მიღებაც საჭიროა და ამ კუთხით, რამე ინსტიტუციური შეფერხება ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ასე რომ, შეგვეძლო, პარლამენტში მუშაობა ამ რეჟიმში გაგვეგრძელებინა, მაგრამ ჩვენ გვინდა, მოქალაქეებს არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ პარლამენტში მათი ხმა არ არის წარმოდგენილი. ამ დიალოგში სწორედ ამიტომ შევედით და ვცდილობდით, მაქსიმალურად კონსტრუქციული ვყოფილიყავით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, „ლელოს“ ინიციატივა შესრულდეს და ნიკა მელია ევროპარლამენტართა თავდებობით გათავისუფლდეს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ლელოს“ მხრიდან ამ საკითხის წამოწევა ძალიან არასერიოზულია, რითაც „ლელომ“ საკუთარ ხელმოწერას ფასი დაუკარგა.
„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ხელმოწერას ასე არ სცემენ პატივს. ეს განსაკუთრებით, „ლელოს“ ხელმძღვანელობას შეეხება, რომლებიც ბიზნესიდან, საბანკო სექტორიდან მოდიან და მათ თუ არ იციან ხელმოწერის ფასი, რას ნიშნავს ხელმოწერა, არ ვიცი, მაშინ როგორ ააწყვეს ბიზნესი, თუ ხელმოწერას ასე უდიერად ეპყრობოდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეთანხმებისას, ჰქონდა თუ არა ადგილი დაპირისპირებას ამნისტიასთან დაკავშირებით, როგორც ეს გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა და საუბარი იყო გრაფიკთან დაკავშირებით, რა ვადებში უნდა მომხდარიყო ამნისტიის მიღება.
შეკითხვაზე, რა იგულისხმა ევროპელმა მედიატორმა იმ ჩანაწერის გაკეთების დროს, როცა წერდა, რომ ამნისტიის აქტი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პროტესტსა და დაკავებას უნდა შეეხოს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ნიშნავს ყველას და არა ზოგიერთს.