შალვა პაპუაშვილი - ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი - ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება

„ქართული ოცნება“ იმუშავებს, რათა ყველა მოძალადის მხილება მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  არცერთ საელჩოსა და უცხოურ აქტორს არ დაუგმია საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა.

„ძალადობის პირდაპირი ტალღა იყო პოლიტიკოსების, უმრავლესობის წარმომადგენლების მიმართ. არ მახსოვს არავის აღშფოთება მაშინ, როდესაც ყველა „ენჯეომ“, საელჩოები რომ აფინანსებენ, პარლამენტის წევრების პლაკატები დადო. 83 და ეპითეტები, რაც მოჰყვებოდა. პირდაპირ, თავიანთი ოფიციალური სოციალური ქსელის ანგარიშებზე გამოაქვეყნეს. პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები როდესაც ქვეყნდებოდა, ჰკითხეთ პარლამენტის წევრებს, რა სახის მუქარა მიდიოდა მათზე და მათი ოჯახის წევრებზე და დღემდე მიდის. არ მახსოვს აღშფოთება ამასთან დაკავშირებით. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს როდესაც თავს დაესხა, ჟურნალისტები გარს ეხვეოდნენ მას და მადლობას უხდიდნენ. „პუბლიკის“ ჟურნალისტი გადაეხვია და მადლობები უხადა. ძალადობა, რომელიც არათუ ფარულად, გაუგებრად, არამედ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პარლამენტში მოხდა პარლამენტის წევრზე და ნახევარი ოპოზიცია ხარობდა“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება.

„გამოდის, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტის განხილვა, შეიძლება, გახდეს ვინმესთვის ლეგიტიმური საფუძველი, იძალადოს სხვაზე. ამას ამბობდნენ შარშანაც, წელსაც, ასევე, 2019 წლის 20 ივნისსაც, რომ მათ ჰქონდათ უფლება, ეძალადათ პოლიციაზე, ესროლათ ბოთლები, „მოლოტოვის კოქტეილი“, რადგან მიზანი ჰქონდათ დიადი. ეს არის ის ბოლშევიკური აზროვნება, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ძალადობის სპირალში შესვლა დაიწყო პარლამენტის შენობაზე თავდასხმით.

„მეორე დღეს, სამწუხაროდ, ვერცერთი საელჩოს, უცხოური აქტორის განცხადება ვერ ვნახე, რომელიც დაგმობდა იმ ძალადობას, რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე, პოლიციელების დაზიანებაზე. ვნახეთ, რომ ძალადობრივი აქცია შერაცხეს მშვიდობიანი აქციად, როგორც ეს მოხდა 2019 წლის 20 ივნისს, როგორც ეს მოხდა შარშან, მარტის აქციების დროს. ძალადობა ყოველ ჯერზე ფორმდება, როგორც მშვიდობიანი აქცია. ზუსტად ეს ახალისებს მოძალადეებს. ხედავენ, ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“, შეიწყალა პრეზიდენტმა, გმირად გამოაცხადეს ის, ვინც პოლიციელს წვავდა. გმირობა ყოფილა პოლიციისთვის ქვის სროლა, თუკი მიზანს ვიტყვი, რომ დიადი და მაღალია, თურმე შემიძლია, ადამიანზე ვიძალადო ან დავემუქრო, სხვადასხვა ზომა გამოვიყენო. ეს არის სპირალი, რომელშიც აქციის ორგანიზატორებს შეჰყავთ საზოგადოება. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ყველა ამ საკითხის ჩაყოლა და გამოძიება. ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი. პირველი, რასაც აკეთებს ხელისუფლება, გმობს ძალადობას სიტყვიერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი სათანადო რეაგირება აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უცხოელ აქტორებს, რომლებიც პარლამენტზე ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან აქციად ნათლავენ, უკვირთ ძალადობაში ჩართული ადამიანების დაკავება.

„აქვე შეგახსენებთ, „პოსტივის“ ჟურნალისტთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს. პირდაპირი თავდასხმა, ფსიქოლოგიური მუქარა ქალი ჟურნალისტის მიმართ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, ე.წ. აქტივისტები, საზოგადოების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები დებდნენ, აზიარებდნენ, იწონებდნენ, იცინოდნენ. მნიშვნელოვანია ის, ვინც ამ სიძულვილს წვეთ-წვეთ აღვივებს და ჩუმად ხარ, ვგულისხმობ, განსაკუთრებით, უცხოელ აქტორებს, რომლებიც პარლამენტზე ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან აქციად ნათლავენ, უკვირთ, რომ იმ ადამიანებს აკავებენ, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.