შალვა პაპუაშვილი - დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებული პროექტი სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან, პროექტი ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროექტი, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხება, ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, პროექტი სრულ თანხვედრაშია საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო პრაქტიკასთან.
„კონსტრუქციების მოწყობა ისედაც შეზღუდულია საქართველოში. ამავე დროს ხდებოდა ხოლმე ინტერპრეტაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, სიცხადე შევიდეს. ინიცირებული პროექტი არის სრულ თანხვედრაში როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან, ასევე საერთაშორისო პრაქტიკასთან. ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.