შალვა პაპუაშვილი - დროა, ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქმედებები ევროპული ღირებულებების ჩარჩოში მოაქციოს, ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ
შალვა პაპუაშვილი - დროა, ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქმედებები ევროპული ღირებულებების ჩარჩოში მოაქციოს, ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ

დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, თავისი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციოს. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთ განცხადებებსა და დოკუმენტებში დაიწყეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა და ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორებიცაა „არალეგიტიმური“ და „თვითგამოცხადებული“ პარლამენტი და მთავრობა“.

„ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება და დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარება თავად დემოკრატიის უარყოფაა. ამ კამპანიის კოორდინირებული ხასიათი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული მეთოდებით შეცვლისათვის იდეოლოგიური საფუძვლის მომზადებასთან. ცხადია, ნებისმიერი დემოკრატიული სტანდარტით, ეს არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ექსტრემიზმია. პასუხისმგებლიანი დონორობა წარმოადგენს არა არჩევანს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას, რომელიც გარანტირებულია „დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციით“. ამ ვალდებულების დარღვევა, იმავდროულად, წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. ექსტრემისტული მიზნებისთვის დონორების დაფინანსების გამოყენებაზე უარის თქმა ამ ვალდებულების მთავარი კომპონენტია. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი გაფრთხილებები არ იქნა გათვალისწინებული. ადრეც ვიხილეთ, რომ დახმარება, მათ შორის, ევროპული დახმარება, არადემოკრატიული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული გვახსენებს არასამთავრობო ორგანიზაციის, „მოძრაობა სირცხვილიას“ კამპანიას, სახელწოდებით „მე ვისროლე“, რომელიც „ევროპული დემოკრატიის ფონდის“ (EED) მიერ ფინანსდებოდა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას პროტესტის ლეგიტიმურ საშუალებად წარმოაჩენდა“, – წერს პაპუაშვილი.

მისივე განცხადებით, „2023 წელს, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში „მოლოტოვის კოქტეილი“ გამოიყენეს, ის არ იყო სათანადოდ დაგმობილი“.

„პირიქით, ზოგიერთმა ამ აქტის რომანტიზება სცადა, რასაც მომდევნო წელს ხალხისა და შენობების მიმართულებით ათობით „მოლოტოვის კოქტეილისა“ და სხვა ფეთქებადი საშუალებების გამოყენება მოჰყვა. ამ ესკალაციაში, რთულია, ვერ შეამჩნიო მიზეზშედეგობრივი კავშირი. ევროკავშირის, როგორც მშვიდობის პროექტის, არსი მდგომარეობს არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის ომის თავიდან არიდებაში, არამედ, აგრეთვე, მშვიდობიან გარემოში საზოგადოებების განვითარების შესაძლებლობების შექმნაში – ისეთ გარემოში, რომელიც თავისუფალი იქნება დეზინფორმაციის, ისტერიისა და ძალადობისგან. აღნიშნულის საპირისპიროდ, სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის დაფინანსება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების უარყოფას ნიშნავს. დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თავისი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციოს. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ“, – აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის წერილში.