შალვა პაპუაშვილი - დონორების პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ისინი ფულს ჩაურიცხავენ არასამთავრობოებს, ამ ფულს მოჰყვება მათივე პასუხისმგებლობა
შალვა პაპუაშვილი - დონორების პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ისინი ფულს ჩაურიცხავენ არასამთავრობოებს, ამ ფულს მოჰყვება მათივე პასუხისმგებლობა

რადიკალიზებული „ენჯეოები“ თანამდებობების გამო გაემიჯნენ პლატფორმას და ცხრა პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობას, მხოლოდ დონორებს შეუძლიათ, დააბრუნონ დემოკრატიულ კალაპოტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დონორის პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ფულს ჩაურიცხავენ „ენჯეოებს“, ამას მოჰყვება მათივე პასუხისმგებლობა.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმებული ფორმატი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან ერთად, რომლის წევრებიც იყვნენ  ის ორგანიზაციებიც, რომლებმაც ბოლოს ბოიკოტი გამოუცხადეს ამ პლატფორმას, რადგან თავისი წარმომადგენლები ვერ აირჩიეს სხვადასხვა თანამდებობაზე და ბოლოს დატოვეს ეს პლატფორმა. ამიტომაც არის, რომ ისინი, საბოლოო ჯამში, გაემიჯნენ პროცესს, თორემ „ისფედი“ თუ საია ისევე იქნებოდა ამ განხილვების მონაწილე, როგორც აქამდე იყვნენ. ეს ფორმატი გვქონდა შეთანხმებული. მათ აირჩიეს რადიკალიზაციისა და გამიჯვნის გზა. ახლა ამ „ენჯეოების“ დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება არის სრულად მათი დონორების პასუხისმგებლობა. მხოლოდ დონორებს შეუძლიათ, რომ რადიკალიზებული „ენჯეოები“, რომლებიც თანამდებობების გამო გაემიჯნენ პლატფორმას და ცხრა პუნქთან დაკავშირებით მსჯელობას, დააბრუნონ ამ ფორმატში, დემოკრატიულ კალაპოტში. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო მათ დონორებს, ეს არის მათი პასუხისმგებლობა. დონორის პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ისინი ფულს ჩაურიცხავენ ამ „ენჯეოებს“, ამას მოჰყვება მათივე პასუხისმგებლობა. „ენჯეოების“ მხრიდან როდესაც ამ ფულის გამოყენება ხდება იმგვარად, რომ ისინი ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესებს, საბოლოო ჯამში, ხდებიან პრობლემა დემოკრატიისთვის, ეს არის სრულად უკვე დონორების პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დონორებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა მათი დაფინანსებით მოქმედმა „ენჯეოებმა“ უარი თქვან რადიკალიზმზე, დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესებს და იყვნენ მონაწილე საქართველოს ევროპული მომავლის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.