შალვა პაპუაშვილი - დონალდ ტრამპის წერილიდან მეორე დღეს საელჩომ რაღაც გაუგებარი პოსტი დადო, რაც ტოვებს აღქმას, რომ სურვილი იყო, დაჩრდილულიყო პრეზიდენტ ტრამპის პოზიტიური გზავნილები
დასაფასებელია პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. მნიშვნელოვანი მესიჯები და გზავნილები, რომლებიც ამ მილოცვაში იყო, ორ მთავარ საკითხს უსვამს ხაზს – აღიარება და ხაზგასმა, რომ ამერიკას და საქართველოს მთავრობებს შორის მნიშვნელოვანია ინტენსიური თანამშრომლობა და ასევე, ხაზგასმა, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გასაკვირია, რატომ არ ასაჯაროებს საელჩო პრეზიდენტ ტრამპის წერილს.
„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისგან მოველოდით, რომ ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას, თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის ხელსაყრელი სატარიფო პირობების შეთანხმებას. ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, პრეზიდენტ ტრამპს აქვს გამოცხადებული თავის მთავარ საგარეო, ეკონომიკურ ამოცანად. ამ წერილიდან მეორე დღეს, ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს გამოექვეყნებინა პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა, დადეს რაღაც გაუგებარი პოსტი, რომელიც ეძღვნება პარტია „ქართულ ოცნებას“ და რაღაცნაირად ისეთ აღქმას ტოვებს, რომ სურვილი იყო, დაჩრდილულიყო პრეზიდენტ ტრამპის პოზიტიური გზავნილები. ცოტა გასაკვირია, რომ საელჩო დღემდე არ ასაჯაროებს წერილს და ეს მისი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ ხდება. მაშინ როდესაც სახელმწიფო მდივნის კონგრესში გამოსვლის ქართული ტრანსკრიპტი შემოგვთავაზეს და გაავრცელეს, ცოტა გასაკვირია, რომ საელჩო, რომელიც პრეზიდენტს უნდა წარმოადგენდეს, ტრამპის წერილს არ ასაჯაროებს. ალბათ ამასაც განმარტება სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.