შალვა პაპუაშვილი - ჟენევაში ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა იყო, რომ საუბარი გვქონოდა ევროპელ კოლეგებთან, კანდიდატ ქვეყნებთან, განვიხილეთ ის პროცესები, რაც მათ ქვეყანაში მიდის
მნიშვნელოვანი კონფერენცია იყო, ხუთ წელიწადში ერთხელ არის შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები შეიკრიბონ და კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრონ, ჩვენთვისაც ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა ის კოლეგები გავიცნოთ, ვისთანაც ბევრი საერთო გვაქვს, მათ შორის სტრატეგიული საკითხები, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია თუ რეგიონული განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა იყო, რომ საუბარი შემდგარიყო ევროპელ კოლეგებთან, კანდიდატ ქვეყნებთან, მათ შორის იყო ალბანეთი, მოლდოვა, ბულგარეთი.
„მათთან განვიხილეთ ის პროცესები, რაც მათ ქვეყანაში მიდის. ალბანეთში მოლაპარაკებები გახსნილია და საინტერესო იყო მათი გამოცდილების გაზიარება. იცით, რომ მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა იგვიანებს და საინტერესო იყო, რა მოლოდინები ჰქონდათ. იანვრიდან ბულგარეთი ევროზონის ნაწილი გახდება და აქაც მნიშვნელოვანია, რა მოლოდინები არსებობს. კომუნიკაცია იყო ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარესთან და იმ კოლეგებთანაც, ვისთანაც შეიძლება ხშირი ურთიერთობა არ მქონდეს. მათ შორის იყო ბრაზილიისა და მალაიზიის პარლამენტის თავმჯდომარეები. როგორც ორმხრივი შეხვედრებით, ასევე, ზოგადად, კონფერენციის მსვლელობისას არის შესაძლებლობა, რომ ბევრი საკითხი იყოს განხილული. შესაძლებლობა მქონდა, კოლეგების წინაშე გამოვსულიყავი და იმ საკითხებზე გვესაუბრა, რაზეც საქართველო საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ექსპერტად ჩამოყალიბდა. გაუმჭირვალე უცხოური დაფინანსების გამოწვევას ვგულისხმობ. კოლეგებთან საუბარშიც ჩანს, რომ ისინი იმ პრობლემატიკას ხედავენ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.