შალვა პაპუაშვილი - დიპლომატიური მისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, მიუთითოს ქართულ მართლმსაჯულებას, ვინ დაიჭიროს, ვინ - არა და ვის რამდენი მიუსაჯოს
ელჩის ფუნქცია არ არის, რომ მითითებებს აძლევდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლადარღვევებთან დაკავშირებით, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ – არა, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც ასეთ საკითხებზე სათანადოდ რეაგირებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, დიპლომატებზე თავდასხმა როგორ აისახება საქართველოს იმიჯზე, რატომ არის ასეთი კრიტიკა დიპლომატების მიმართ, მაგალითად, გუშინაც მოვისმინეთ თეა წულუკიანის განცხადება დეგნანთან მიმართებაში, პაპუაშილმა აღნიშნა: „თქვენ, სავარაუდოდ, გულისხმობთ შეფასებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების, რომ ვიდეოზე ასახული ყველა ადამიანი უნდა დაპატიმრებულ იქნას და დაისაჯოს, და ამაზე იყო შეფასება, რომ ეს არ არის ელჩის ფუნქცია, მითითებებს აძლევდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლადარღვევებთან დაკავშირებით, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ არ უნდა დაიჭირონ, ამისთვის არსებობს ჩვენი შესაბამისი უწყებები, რომელიც ასეთ საკითხებზე სათანადოდ რეაგირებენ. მითითებები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რაც, სამწუხაროდ, მეორდება რამდენჯერმე, არ შეიძლება, ეს არ წარმოადგენს დიპლომატიური მისიის ფუნქციას, რომ მიუთითოს ქართულ მართლმსაჯულებას, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს, ვის რამდენი მიუსაჯოს და ა.შ.“ – განაცხადა პაპუაშვილმა.