შალვა პაპუაშვილი – დიალოგის ნაცვლად, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს, კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ევროკომისია არაევროპულად იქცევა
სამწუხაროდ, ვხედავთ ევროკომისიის ძალიან უმწიფარ საერთაშორისო პოლიტიკას, მათ შორის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და არამხოლოდ საქართველოს მიმართ. ვიდრე ევროკომისია ამ უმწიფარ პოლიტიკას არ შეცვლის, რთულია, წარმოვიდგინოთ, რომ მათი მხრიდან რამე კონსტრუქციული ნაბიჯები იქნება გადადგმული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დიალოგისთვის მზადაა და ამის შესახებ არაერთხელ აქვს გაცხადებული.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ევროკავშირთან დიალოგის მაგიდასთან ვსხედვართ და ველოდებით, ამ მაგიდასთან ევროკავშირის წარმომადგენლები როდის დასხდებიან. ვხედავთ, რომ ისინი ამ მაგიდის გარშემო ტრიალებენ და დიალოგის ნაცვლად, კონფრონტაციულ გზას ირჩევენ. ეს არის ევროპული ღირებულებების ნგრევა და ევროპის ცივილიზაციური უფსკრულისკენ წაყვანა. ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ ევროკომისიის გამოცხადებული მთავარი ტაქტიკა როდესაც არის კონფრონტაცია, ესკალაცია და არა დიალოგი, ეს არანაირად არ არის ევროპული ღირებულება. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ცივილიზებულად და ევროპულად მოვიქცეთ. სამწუხაროდ, იქიდან საბჭოთა მეთოდებს ვხედავთ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ევროკომისიის ხელმძღვანელობაში პოსტსაბჭოთა ლიდერებს ვხედავთ, რომლებიც მართალია, საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ, მაგრამ ვერ ამოიღეს საბჭოთა ქცევები. ბევრ საბჭოთას გაემიჯნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მეთოდები წამოიღეს, რომლებიც საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო პატარა ქვეყნების მიმართ. ახლა ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ ვუყურებთ საბჭოთა მეთოდებს – კონფრონტაციას, ესკალაციას, ზეწოლას, იძულებას, ნაცვლად დიალოგისა. ჩვენ ვრჩებით ევროპულად, ევროკომისია არაევროპულად იქცევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.