შალვა პაპუაშვილი - დღეს თუ ვინმე აკეთებს რუსეთის საქმეს, ეს არის ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულებას
შალვა პაპუაშვილი - დღეს თუ ვინმე აკეთებს რუსეთის საქმეს, ეს არის ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულებას

ოპოზიციის გეგმა არ იყო მოლაპარაკება და პარლამენტში შემოსვლა, მათი გეგმა იყო გაზაფხულზე არეულობის გამოწვევა, ამ ტალღაზე წამოჯდომა და ამით ძალაუფლების ჩაგდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფი ეწინააღმდეგება კანონს, დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობას, მართლმსაჯულებასა და საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას.

„არავინ უარყოფდა, თავად ნიკა მელიაც არ უარყოფდა და არც მისი მხარდამჭერები, რომ ნიკა მელია არღვევდა კანონს. თავის დროზე იმით, რომ არ აღასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბოლოს არღვევდა კანონს იმით, რომ ხელს უშლიდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამიტომ აქ პასუხი არის ნათელი, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს, ეს არის მთავარი პრინციპი თანასწორობის კანონის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება ძალიან პროფესიონალურად შეასრულა.

„რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, მგონი ყველა დავაკვირდით, რომ შსს-მ ძალიან პროფესიონალურად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება. ვნახეთ, რამდენად სწორედ იყო ჩატარებული ის ღონისძიება, რომელიც ჩატარდა და დაშავებულებიც არ არიან. რაც შეეხება საუბარს, გაზის გამოყენება რამდენად შეიძლებოდა, თუ არ შეიძლებოდა დახურულ სივრცეში, გადახედოს ყველამ კანონს პოლიციის შესახებ. კანონის 33-ე მუხლი აწესრიგებს ამ საკითხს და აქ, რა თქმა უნდა, არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. მით უმეტეს, ჩვენ ვხედავდით დღეს ძირითადად წინააღმდეგობის გაწევას პოლიციისთვის. ვნახეთ, რომ პოლიცია მივიდა, მოუწოდეს, აღსრულებისთვის ხელი არ შეეშალათ, მისცეს კიდეც დრო ნახევარი საათი, მაგრამ ამის მიუხედავად წინააღმდეგობას უწევდნენ. როგორც ჩანს, იქ მხარდაჭერების ნაწილი დაემორჩილა, გარეთ გამოვიდნენ, თუმცა გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ლიდერები, ოთახში ჩაიკეტნენ. ისიც ვნახეთ, როგორ აზიანებდნენ საკუთარ ინვენტარს. მთავარი არის, რომ პოლიციამ პროფესიონალურად ჩაატარა ეს ღონისძიება და სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა.

საინტერესოა, ტერმინი შტურმი ახლა რომ გამოჩნდა ოპონენტების ლექსიკაში და მანამდე პარლამენტს როცა უტევდნენ, ის შტურმი არ იყო. რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების გეგმებს, ჩვენ ამას ვამბობდით და თავადაც რამდენიმე თვის წინ თავად ამბობდნენ, რომ მათი გეგმა არ იყო მოლაპარაკება და პარლამენტში შემოსვლა, მათი გეგმა იყო გაზაფხულზე არეულობის გამოწვევა, ამ ტალღაზე წამოჯდომა და ამით ძალაუფლების ჩაგდება. საერთო ჯამში, კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ ამ საკითხს, ვაკვირდებით ჩვენს ოპონენტებს და ეს არ არის მარტო ჩვენი ნათქვამი, თავად მათივე კოლეგები, რომლებიც შემდეგ გაემიჯნენ ოპოზიციურ გაერთიანებას, ამბობდნენ, რომ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომლის დღის წესრიგი არის ერთადერთი, ძალაუფლების მოპოვება. მათ ვერ მოიპოვეს ეს ძალაუფლება ხალხის მანდატით და სურთ, გამოძებნონ სხვა გზები, რომ ჩაიგდონ ძალაუფლება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა კანონს ეწინააღმდეგებიან ერთი მხრივ და მეორე მხრივ სახელმწიფო კანონის სამართლის მხარეს არის, რა თქმა უნდა, რთულია ასეთი ზრახვების აღსრულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ოპონენტებმა ჯობია, თავი დაანებონ ყალბ პატრიოტიზმსა და ფსევდოპატრიოტიზმს, რადგან მისი განცხადებით, მათი აღარავის სჯერა.

„რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რუსეთს და ასე შემდეგ, მგონი, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა ოპონენტებმა ჯობია, დაანებონ თავი ამ ყალბ პატრიოტიზმსა და ფსევდოპატრიოტიზმს, აღარავის სჯერა მათი. თუკი დღეს ამ ქვეყანაში ვინმე აკეთებს რუსეთის საქმეს, ერთადერთი ეს არის ის ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლობას, მართლმსაჯულებასა და საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას, ეს თუ არ არის რუსეთის საქმე, მაშინ კარგად დაფიქრდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.