შალვა პაპუაშვილი - დღეს, როდესაც საინფორმაციო ომი ხშირად რეალურ ომებზე საშიშიცაა, დიპლომატებს ეკისრებათ ურთულესი მისია — სიმართლის დაცვა ტყუილის ხმაურის ფონზე
დიპლომატების ამოცანაა, ინფორმაციის ქარტეხილებში სწორად წარმართონ ბრძოლა მოსაზრებების, აღქმებისა და ტენდენციების ჭიდილში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი აფასებს დიპლომატების შრომასა და თავდადებას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიდ მადლობას უხდის დიპლომატებს ქართული სახელმწიფოს წინაშე ერთგული, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.
„დღეს, როდესაც საინფორმაციო ომი ხშირად რეალურ ომებზე საშიშიცაა, დიპლომატებს ეკისრებათ ურთულესი მისია – სიმართლის დაცვა ტყუილის ხმაურის ფონზე. დიპლომატების ამოცანაა, ინფორმაციის ქარტეხილებში სწორად წარმართონ ბრძოლა მოსაზრებების, აღქმებისა და ტენდენციების ჭიდილში. დიპლომატი, რომელსაც ეჭვი ეპარება თავისი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში, თავისი სახელმწიფოს ინტერესების მნიშვნელობასა და სისწორეში, ვერასოდეს ჩამოაყალიბებს საჭირო პოზიციას და ვერასოდეს მიიტანს დამაჯერებელ მოსაზრებას საჭირო სამიზნემდე. ნურავინ იფიქრებს, რომ ქართველი დიპლომატების მუშაობის სირთულე ვინმეს არ ესმის ან სათანადოდ არ აფასებს. მინდა, იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტს სრულად აქვს გააზრებული თქვენი ბრძოლა და სირთულეები. პარლამენტი თქვენ გვერდითაა და აფასებს თქვენს შრომას, ბრძოლასა და თავდადებას. ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულებამ შეგვაძლებინა, დაგვეცვა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და მიგვეღწია საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდისთვის. ამ ჭიდილში ჩვენც – ხელისუფლებამ და დიპლომატებმა – უკვე კარგად გავიაზრეთ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს. ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციებზე, არ უნდა ავყვეთ ყალბ ემოციებს ან გარე ზეწოლას იმ ხმამაღალი კრიტიკის მიუხედავად, რომელიც შესაძლოა, რთულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს მოჰყვებოდეს. პრინციპულობა სულაც არ ნიშნავს, რომ მოქნილები არ ვიქნებით. არამედ ნიშნავს იმას, რომ ყველა სიტუაციაში გვეცოდინება, ვინ ვართ, რა არის ჩვენი ღირებულებები და საითკენ მივდივართ. ჩვენი გზა ძლიერი, დამოუკიდებელი, ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას გულისხმობს, ხოლო ჩვენი წარმატება პრინციპულ, პრაგმატულ, პატრიოტულ საგარეო პოლიტიკაზე გადის. დიპლომატია არ არის ყველას დასაკმაყოფილებლად შექმნილი ინსტრუმენტი. მისი მიზანია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ისეთი ხიდების მშენებლობით, რომლებიც ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს წინაშე თქვენი თავდადებული, ერთგული, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.