შალვა პაპუაშვილი - დღეს ოპოზიცია ვირტუალურად არსებობს, მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა არ აქვთ, ერთადერთი, რაც ასულდგმულებს, გარედან ხელოვნურ სუნთქვაზე დასმაა
დღეს ოპოზიცია არსებობს ვირტუალურად, სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა არ გააჩნიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია საქართველოში გარე ძალების მითითებებს ასრულებს.
„ოპოზიცია, დღეს არსებობს ვირტუალურად. სინამდვილეში მათ არც ფორმა, არც შინაარსი, არც ძალა, არაფერია გააჩნიათ. დღეს მიხეილ სააკაშვილს 9-წლიანი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ მას 2030 წლამდე მოუწევს ციხეში ყოფნა. რაღაც ერთი-ორი საყვედური თქვეს და ხედავთ, რომ არანაირი ენერგია აღარ აქვთ, არანაირი ძალა არ შერჩენიათ. ერთადერთი, რაც დღეს ოპოზიციას ასულდგმულებს, ეს არის გარედან მათი ხელოვნურ სუნთქვაზე დასმა. ხედავთ, როგორც კი ცოტათი მინელდებიან, გარედან ისმის რაიმე მჭექარე განცხადება, რომ გამოაცოცხლონ ესენი და ა.შ. სინამდვილეში, ოპოზიციას იდეები არც არასდროს ჰქონია და ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზეც ვნახეთ, მათ სინამდვილეში კამპანია არ უწარმოებიათ რაიმე შინაარსთან დაკავშირებით, ახლა საერთოდ იდეები არ აქვთ. ერთადერთი, ეს არის დესტრუქცია, გარედან ეტყვიან, დღეს იყვირეთ, იყვირებენ, ეტყვიან, არ იყვიროთ, არ იყვირებენ. ასე რომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის გარკვეული პინგ-პონგი ოპოზიციასა და მათ გარე მმართველებს შორის, ისინი რაღაცას იტყვიან და ესენი კომენტარს აკეთებენ, ესენი რამეს იტყვიან, გარეთ აკეთებენ კომენტარს და ეს ყველაფერი ხდება ტელევიზორში. მთელი ტური ჰქონდათ მოწყობილი ბალტიის, სკანდინავიის ქვეყნებში. კითხვას ვსვამ საჯაროდ, ვისი ფულით იყვნენ იქ წასულები? ჟურნალისტებმა გამოიკვლიონ და მიაკვლევენ, ვინ იყიდა ბილეთი, ვინ გადაუხადა სასტუმრო, იქ ნახავენ ზუსტად, ვისი მარიონეტები არიან“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.