შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არცერთი საელჩოს, დონორის განცხადება, რომელიც გაემიჯნებოდა მათი „ენჯეოების“ მიერ თავდასხმის წაქეზებას, ამან აჩვენა, რას ნიშნავს უცხოური გავლენის რეალური სახე
კანონმა თავის დანიშნულება ბევრი მიმართულებით შეასრულა, მათ შორის, კიდევ ერთხელ გამჭვირვალობის მიმართულებით, გამჭვირვალე გახადა საზოგადოებისთვის, რომ ოპოზიცია და ენჯეოსექტორის ეს ნაწილი არის ერთი სიმბიოზი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ კვლავ ერთად თავმოყრა დაინახა ქართველმა ხალხმა.
„ხალხმა დაინახა ერთად თავმოყრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, რომლის შემადგენლობაში არიან როგორც თავად ეს პარტიები, ასევე სალომე ზურაბიშვილი და მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“, რომლებიც ინაწილებდნენ სცენას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ისინი იყვნენ ავტორები პროცესების რადიკალიზაციის. შეგახსენებთ, რომ „ენჯეოების“ მოწოდებებით ხდებოდა ბლოკირება პარლამენტის, რაც შემდეგ გადაიზრდებოდა ხოლმე პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმაში, ამას აკეთებდნენ ევროპიდან და აშშ-იდან დაფინანსებული „ენჯეოები“. დღემდე არ მომისმენია არცერთი საელჩოს თუ დონორის განცხადება, რომელიც გაემიჯნებოდა მათი „ენჯეოების“ მიერ პარლამენტზე და პოლიციელებზე თავდასხმის წაქეზებას, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეებში, ამან აჩვენა საერთო ჯამში, თურმე რას ნიშნავს უცხოური გავლენის რეალური სახე ქართულ რეალობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.