შალვა პაპუაშვილი – დეზინფორმაციული კამპანიების ავანგარდში არის იგივე სექტა, რომლისთვისაც მთავარია, ზიზღი გადმოაფრქვიოს, ამ ყველაფრის მხარდამჭერი არიან „ენჯეოები“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან

18:49, 06.10.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის ავანგარდში იგივე ექსტრემისტული ჯგუფები არიან, რომლებიც, მაგალითად, ამტკიცებდნენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული აქციის დასაშლელად.

პაპუაშვილის თქმით, ამ ყველაფრის მხარდამჭერი არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც უცხოეთიდან სწორედ იმისთვის ფინანსდებიან, რომ მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდეს საქართველოს წინააღმდეგ.

„რასაც ვხედავთ, მთელ ამ კამპანიაში იგივე სახეებია, ხომ? იგივე ექსტრემისტული ჯგუფებია, რომლებსაც ამ კამპანიის ავანგარდში ვხედავთ. მსოფლიო პროგრესული ჯგუფებისგან მრავალჯერ ლაურეატი იგივე ონლაინ გამოცემებია, რომლებიც სწორედ ასეთი დეზინფორმაციული კამპანიების ავანგარდში არიან ხოლმე. მცდელობაა, აბსოლუტური აბსურდი რაღაც საკითხად წარმოაჩინონ. ეს არის ჩვეულებრივი კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში ამ პატიმარმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ იყო ძალადობა. ეს საკითხი სახალხო დამცველის ოფისმა შეისწავლა, ვიდეოჩანაწერები ნახა და დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გამოძიება დაიწყო და დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ამის შემდეგ რამდენიმე პროცესი გაიმართა, ეს ადამიანი პროცესებზე თავადაც იყო, არაფერი უთქვამს. ვხედავთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არაფერი უთქვამს და რატომღაც ახლა, ერთი კვირის წინ ეს საკითხი ხელახლა წამოწიეს. ის ვიდეოებიც თავის დროზე დაარქივებულია, ნანახია, ყველაფერი გარკვეულია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პენიტენციურ სისტემას ბრალი წაუყენეს და იუსტიციის სამინისტრომ ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა იმის დასადასტურებლად, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. იუსტიციის სამინისტრომ, იმისთვის, რომ ეჩვენებინა, ძალადობა არ იყო, გამოაქვეყნა კადრები, რომელშიც ძალადობაა? – ეს ხომ აბსურდია. საქმე გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული და ვნახეთ, რომ ეუთო-ში ამასთან დაკავშირებით შეხვედრა ჩაატარეს. ადამიანებს რომ შეხედავ, თითქოს საღ აზრზე მყოფი ადამიანები დგანან და ზრდასრულ ადამიანებს უმტკიცებენ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს მოძალადე აქციის დასაშლელად. ეს იგივე ხალხი და ჯგუფია, ვინც ამ დეზინფორმაციას ავრცელებს და იგივე ჯგუფია, ვინც ამას იჯერებს.

იგივე სექტა, რომელსაც აღარ აქვს უკვე საღი განსჯის უნარი, რადგან, ერთადერთი, ზიზღით არის შეპყრობილი, ოღონდ რაიმე წითელი ნაჭერი აუფრიალონ ზიზღის გადმოსაფრქვევად და ყველაფრის გასაკეთებლად მზად არის. ეს იგივე ხალხია, რომელსაც აჯერებდნენ და რომელმაც დაიჯერა, რომ 2022 წლის მარტში, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში, კედელზე დახატული იყო ნიშნები, რომლებსაც რაკეტები უნდა მოხვედროდა და დივერსანტები ხატავდნენ. კატის ნახატები იყო და აღმოჩნდა, რომ ვიღაცა კატებს ხატავდა. ეს იგივე ადამიანები არიან, რომლებიც ამბობდნენ, 300 000 ადამიანი არჩევნებზე არსაიდან გაჩნდა, შემდეგ ისევ გაქრა. ამას იჯერებენ, რაც მთავარია. ეს იგივე ხალხია, ვინც „კამიტის“  ისტორიას იგონებს და იჯერებს. ეს სექტა სოცმედიაშია, ერთმანეთს უყურებს, აგიჟებს. ერთმანეთს ატყუებენ, შემდეგ იჯერებენ, თავადვე ბრაზდებიან და ბოლოს, რაც მთავარია, ამის გაგრძელებაც ხომ ვიცით, იჩხუბებენ და დაიშლებიან. შარშან ეს საკითხი სახალხო დამცველმა გადაამოწმა და არაფერი იყო. ახლა იუსტიციის სამინისტრომ ვიდეოები გამოაქვეყნა და ყველამ იფიქრა, რომ ამით ყველაფერი მორჩებოდა. ხედავთ, რა ჯგუფთან გვაქვს საქმე. ეს არის იგივე სექტა, რომლისთვისაც მთავარია, რაიმე ზიზღი გადმოაფრქვიონ და ნებისმიერ საკითხს იგონებენ და ეჭიდებიან. პრობლემა რაშია? ამ ყველაფრის მხარდამჭერი, გვერდში მდგომი არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, და სწორედ იმისთვის, რომ ასეთი საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდეს ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ, ამას აკეთებენ. ის მედიებიც არიან, რომლებიც უცხოეთიდან მედლებს მედლებზე და დიპლომებს დიპლომებზე იღებენ სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო შტურმის განხორციელებაში ეხმარებიან სხვადასხვა ჯგუფს. ამ ყველაფერს საღი აზრი სჭირდება, რათა ადამიანი დარწმუნდეს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო თავდასხმასთან, რომლის მიზანიცაა ქვეყნის დესტაბილიზაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი