შალვა პაპუაშვილი - დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, უპასუხისმგებლობა არ უნდა წავახალისოთ 
შალვა პაპუაშვილი - დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, უპასუხისმგებლობა არ უნდა წავახალისოთ 

ჩვენ უპასუხისმგებლობა არ უნდა წავახალისოთ, დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამნეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილმა ასევე შეაფასა ის ფაქტი, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ადგილმონაცვლეების შემოსვლის მიზნით საარჩევნო სიებს ვერ აღადგენენ და ამით უპასუხისმგებლობას ვერ წაახალისებენ.

„ლევან ვარშალომიძე თითქმის ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში. ამ პრობლემის გადაწყვეტა პარლამენტში ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს. არ მივიჩნევ, რომ უპასუხიმგებლობა უნდა წახალისდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, პარლამენტში ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ. ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება. ლევან ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.