შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზება არის სწორედ ანტიდემოკრატიული, ოპონენტები ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ, ნათლავენ რუსულად და კეტავენ ყოველგვარ დისკუსიას
შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზება არის სწორედ ანტიდემოკრატიული, ოპონენტები ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ, ნათლავენ რუსულად და კეტავენ ყოველგვარ დისკუსიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპონენტები დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზებას ახდენენ და ნათლავენ რუსულად ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ.

შალვა პაპუაშვილს „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„არ შეიძლება თემებისთვის ტაბუს დადება, დემოკრატიული დისკუსიისთვის ცენზურის დაწესება და ეს ვნახეთ ჩვენ, ფაქტობრივად, ბოლო დღეებში. ადამიანები ისე, რომ გაცნობილიც კი არ იყვნენ კანონპროექტს, ახდენენ პირდაპირ სტიგმატიზებას ამ პროექტის და იმ ადამიანების, ვინც დააინიცირა. ოპონენტები, მგონი, ყურადღებას ვერ აქცევენ, რომ სწორედ ისინი არიან , ვინც ახდენენ სტიგმატიზებას დემოკრატიული დისკუსიის, ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ, ნათლავენ რუსულად და ამით კეტავენ ყოველგვარ დემოკრატიულ დისკუსიას. არადემოკრატიულობა სწორედ ისაა, როდესაც, ნაცვლად არგუმენტებისა, ნაცვლად დისკუსიაში თუნდაც გამოცდილებაზე საუბრისა, არის პირდაპირ სტიგმატიზება, იარლიყების მიკერება, რომ რუსულია და რადგან რუსულია, ამიტომ ცუდია და ა.შ.

ეს არის მარტივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო წლებია, ხშირად გამოიყენება, მაგრამ ვხედავთ ჩვენი საზოგადოების სიძლიერესაც, მათ შორის დემოკრატიული დისკუსიის სიძლიერესაც. სხვა დროს, თუკი ასეთი სტიგმატიზება დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ხოლმე, ვნახეთ, რომ მალევე, რამდენიმე დღეში გაირკვა ყველაფერი, სტიგმატიზების შესაძლებლობა არავის მიეცა, პირიქით, ვხედავთ, რომ არის დისკუსია, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, სადაური სისტემა არის თუ არ არის, რომელ გამოცდილებას ეყრდნობა თუ არ ეყრდნობა. ამასობაში, საზოგადოებაც გაერკვა, რომ თურმე არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებიც სწორედ სააკუთარი უსაფრთხოების რისკებიდან, გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე აწესრიგებენ ამ სფეროს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზაა დემოკრატიული დისკუსია, არგუმენტების გაცვლა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, უკვირს, რომ გამჭვრივალობის საკითხი საერთოდ დისკუსიის საგანი გახდა.

„ისინი, ვინც სხვებს ზომავენ გამჭვირვალობის ერთი საზომით, საკუთარ თავს იმავე საზომს არ უყენებენ. სხვათა შორის, ეს არის კიდევ ერთხელ ლაკმუსის ტესტი, რომელიც აჩვენებს, როგორი არის, სამწუხაროდ, დემოკრატიული კრიზისი ცალკეულ სეგმენტში.

ეს კანონპროექტი, ზოგადად, იდეა არის იმ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, სადაც იმყოფება საქართველო, სადაც ინტერესები არის სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა მხრიდან და ვექტორიდან, და ამაზე სხვა დროს, სხვათა შორის, თავად ეს სექტორიც საუბრობს ხოლმე, როცა საუბრობს, მაგალითად, რუსული გავლენების საფრთხეებზე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არამხოლოდ რუსული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისედაც გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ნაწილიც ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, ქვეყანა, რომელიც ამ ომის პირობებში, რომელსაც აწარმოებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, ვართ განსაკუთრებული რისკის ქვეშ, ძალიან ბევრი ვექტორის მხრიდან. ამიტომ, თავისთავად, საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, რა ფინანსური წყაროები აქვთ მათ, ვინც მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, მის ფორმირებაში. შესაბამისად, ამ პასუხებს, რაც შეეხება დაფინანსებას, იღებს პარტიებისგან, რადგან პარტიების დაფინანსება არის გამჭვირვალე. ამ პასუხს საზოგადოება იღებს საჯარო მოხელეებისგან და პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან იმით, რომ მათი ქონებრივი დეკლარაციები არის გამჭვირვალე.

სამწუხაროდ, ამ სეგმენტში მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით არ არსებობს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ მიიღოს ეს ინფორმაცია. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც თავისით, საკუთარი ინიციატივით აქვეყნებენ ინფორმაციას. აქაც ორი ტიპის ორგანიზაციებია, ზოგი უფრო დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს, ზოგი – ნაკლებად დეტალურს. არის კიდევ დიდი ნაწილი ორგანიზაციებისა, რომლებიც საერთოდ არ აქვეყნებენ ამ ინფორმაციას. ამაზე არის საუბარი და მიკვირს ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ტყდება.

კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია დემოკრატიული დისკუსია, ყველა არგუმენტი, მათ შორის რუსულ გამოცდილებასთან დაკავშირებითაც, მოიყვანოს ყველამ ეს არგუმენტი, შეადაროს ამ პროექტებს და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ. დემოკრატიული დისკუსიის სტიგმატიზება არის სწორედ ანტიდემოკრატიული, სწორედ ესაა სტიგმა, როდესაც ნებისმიერ ინიციატივას აკრავენ იარლიყს, რომ არის რაღაც რუსული და ამის შემდეგ ფიქრობენ, რომ მოკლავენ დისკუსიას. მაგრამ დემოკრატია ისეთი რამაა, რომ დისკუსიას ასე ადვილად ვერ შეაჩერებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.