შალვა პაპუაშვილი - დემარკაცია გაკეთებულია საუკუნეების, ათასწლეულების თუ, შეიძლება, უფრო მეტის წინაც, ეს საზღვარი ცნობილია და გადის კავკასიონის ქედზე, ამიტომ აქ სხვა რაიმე კითხვები არ არსებობს
დემარკაცია გაკეთებულია საუკუნეების, ათასწლეულების თუ, შეიძლება, უფრო მეტის წინაც. ეს საზღვარი ცნობილია და გადის კავკასიონის ქედზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი „საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციას“ ითხოვს.
„რაც შეეხება დემარკაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, დემარკაცია გაკეთებულია საუკუნეების, ათასწლეულების თუ, შეიძლება, უფრო მეტის წინაც. ეს საზღვარი ცნობილია, ეს საზღვარი გადის კავკასიონის ქედზე. ამიტომ აქ სხვა რაიმე კითხვები არ არსებობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება კითხვას, სად არის საქართველო ამ ტექტონიკურ, გეოპოლიტიკურ ძვრებს შორის, პაპუაშვილის თქმით, საქართველო არის იქ, სადაც, სულ მცირე, ბოლო 3 000 წლის განმავლობაში არის.
„კარგია, რომ აღიარებთ ამ ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე, რომ მართლაც ტექტონიკურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე და ეს ამავე დროს აღიარებაა, რომ დაფიქრებაა ხოლმე ამ დროს საჭირო და არა „ავარდნა“ გონჩარენკოსნაირი ხალხის მოწოდებებზე. ეს ტექტონიკური, გეოპოლიტიკური ძვრები საქართველოს გარშემო ყოველთვის მიმდინარეობდა. 3 000 წელი ამ პირობებში ვართ. მგონი, ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ მაინც უნდა გვასწავლოს რაღაცები, თუ არა – ჩვენმა საკუთარმა გამოცდილებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. უნდა გვასწავლოს ის, რომ ჩვენ პირველი, რასაც უნდა ვენდოთ, უნდა ვენდოთ საკუთარ ხალხს და საკუთარ თავს. ჩვენ ვნახეთ უკრაინა, რომელიც მიენდო ზოგიერთებს და ვნახეთ, რა ხდება უკრაინაში. ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არჩევანიც კი აღარ აქვს. უფრო სწორად, ვერ ამბობენ, რა არის მათთვის მისაღები არჩევანი. უკრაინის ხელისუფლების არჩევანი რა არის – იომონ თუ მშვიდობა დაამყარონ? ხომ ვხედავთ, რომ მათ ამაზე პასუხი თავად აღარ აქვთ. იმიტომ, რომ ორ უბედურებას შორის არჩევანი უწევთ. ეს არის, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მისი ხელისუფლება მიენდობა სხვებს, ეს არის ყოველთვის დასასრული. ეს ჩვენ გვინახავს. ასეთი ომები როგორ იწყება და როგორ მთავრდება, ვნახეთ 2008 წელს. რაიმე პარალელებს ხომ ვერ ხედავთ შემთხვევით იმ ომის დაწყებასა და დასრულებაში და უკრაინაში ომის დაწყებაში და როგორც სრულდება? ჩვენი, 2008 წლის ომი რვა თვის დასრულებული იყო, როდესაც ჰილარი კლინტონმა და ლავროვმა გადატვირთვის წითელ ღილაკს დააჭირეს ხელი და წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, როცა ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და, თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის არმია წითელ მოედანზე იდგა 2010 წლის 9 მაისს და აღლუმს აბარებდა რუსეთის პრეზიდენტს. ეს ნიშნავს, რომ იმიტომაც ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, იმიტომაც აგვირჩია ქართველობა ხალხმა, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებით.
ეს ნიშნავს, რომ როცა არის რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, სადაც უწევს ქვეყანას არსებობა, ეს არის ჩვენი სამეზობლო, ეს არის ჩვენი რეგიონი, საუკუნეებია, ასე ვართ და ამ სირთულეებში, ერთადერთი, რამაც ჩვენ გაგვაძლებინა საუკუნეები და ათასწლეულები, იყო საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ფიქრი და არა ის, რომ ვიღაც სხვას ავყოლოდით. რაც შეეხება ზურგებს, უკრაინასაც შესთავაზეს ზურგი და ამ ზურგმა როგორ ივარგა, ან 1994 წელს, გახსოვთ თქვენ, ბირთვული იარაღი დაათმობინეს უკრაინას. უკრაინა იყო მსოფლიოში მესამე ბირთვული სახელმწიფო ამერიკის, რუსეთის შემდეგ. დაათმობინეს ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოაწერა რუსეთმა, აშშ-მა და, თუ არ ვცდები, ბრიტანეთმა და პირობა მისცეს, პირდაპირ წერია ხელშეკრულებაში, შენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საფრთხე არ შეექმნება, ჩვენ ვართ გარანტებიო. ზელენსკის სულ ახლახან ჰქონდა ინტერვიუ. როცა დაიწყო ომი, მიმართა ყველას, რომ აბა, სად ხართ გარანტორები, სად იყო ის ზურგი 1994 წელს მიცემული და სად იყო ის ზურგი, რომელიც 2022 წელს მისცეს? სად იყო ის ზურგი, როდესაც სტამბოლში ლამის სამშვიდობო შეთანხმებამდე მივიდნენ და ნახეთ არახამიას განცხადებები, ბრიტანეთის წარმომადგენელმა როგორ ჩაშალა ეს შეთანხმება, არახამია თავად საუბრობს ამაზე. ამის შემდეგ გავიდა სამი წელი და დაბრუნდნენ ისევ იმ წერტილზე, უფრო ცუდ მდგომარეობაში არ არიან ახლა? ასე რომ, ზურგებზე კი არ უნდა იფიქროს დამოუკიდებელმა ქვეყანამ, უნდა იფიქროს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.