შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღებას სწრაფად შევძლებთ, რაც მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობისთვის
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღებას სწრაფად შევძლებთ, რაც მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობისთვის

დარწმუნებული ვარ, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლის სტატუსის მიღებას სწრაფად შევძლებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული თანამშრომლობისთვის.

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობა პირველად მივიღეთ. ასამბლეის სპიკერების სამიტიც პირველად გაიმართა. ამ ფორმატში მონაწილეობა განპირობებული იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ჩვენი თავმჯდომარეობით. აქ წარმოდგენილი ვიყავი, როგორც ამ ასამბლეის პრეზიდენტი, თუმცა ამავე დროს, მნიშვნელოვანი ორმხრივი დაინტერესება გამოიკვეთა ასამბლეასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ასამბლეას დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღების შუამდგომლობით მივმართოთ. დღემდე, ჩვენ ასამბლეის პარტნიორი ქვეყნის სტატუსი გვქონდა. დარწმუნებული ვარ, დამკვირვებლის სტატუსის მიღებას სწრაფად შევძლებთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან წვდომას გვაძლევს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის აუზსს მიეკუთვნებიან. აქედან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური განვითარების, რეგიონული თანამშრომლობისთვის. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, კოლეგებთან ერთად საუბარი იყოს იმ საერთო გამოწვევებზე, რომლებიც დღეს, სამყაროს და ჩვენს დიდ რეგიონს აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.