შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი დიასპორა მხარს აგვიბამს და მიხედავენ, რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყნის ატრიალება იქიდან არ დაგეგმონ, იქაური სპეცსამსახურების ხელშეწყობით, თუ წაყრუებით
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი დიასპორა მხარს აგვიბამს და მიხედავენ, რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყნის ატრიალება იქიდან არ დაგეგმონ, იქაური სპეცსამსახურების ხელშეწყობით, თუ წაყრუებით

აღმოჩნდა, რომ გერმანიაში, იტალიასა და სხვადასხვა ქვეყანაში აგროვებდნენ ფულს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„გერმანია ერთ-ერთი მაგალითი იყო, სადაც ახლა ედავებიან ნანა ნანუ სანდერს, თოჯინიანი ზრდასრული ქალი რომ იყო დეკემბრის აქციების დროს და თოჯინადაკიდებული დადიოდა. ესეც ხომ თავისებურად ამ ადამიანის მდგომარეობის პორტრეტს აჩვენებს? ეს ადამიანი გერმანიაში ცხოვრობს, შეიძლება, გერმანიის მოქალაქეობაც აქვს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, იქ ცხოვრობს და აგროვებდა ფულს საქართველოში ტერორიზმისთვის. აგროვებდა, რომ აქ შეეძინათ ეკიპირება, ცრემლსადენი გაზი, მაშხალები და ასე შემდეგ. ანუ, გერმანიაში იყო, აგროვებდა თანხას აქ ტერორისტული აქტისთვის, ამ თავდასხმისთვის, რაც მოხდა პრეზიდენტის სასახლეზე და სად არის გერმანიის ხელისუფლება? ან ისინი ვერ ხედავენ და ვერ აკონტროლებენ, როგორ ხდება ფულის შეგროვება ექსტრემიზმის და ტერორიზმის დასაფინანსებლად, რაც ერთი უბედურებაა, ან უყურებენ ამ ადამიანს, რომელიც დგას იქ და ფულს აგროვებს, რომ საქართველოში ხელისუფლება დაამხოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩვენი იურისდიქციის მიღმა არიან, სხვა ქვეყნების იურისდიქციაში შედიან და იქიდან აგროვებენ ფულს ექსტრემიზმისთვის საქართველოში.

„ერთი უბედურებაა ეს, ეს ხალხი საჯაროდ ხომ დავინახეთ და ამაზეც უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ვხედავთ სისხლით ქართველებს, რომლებიც, არ ვიცი, ვინ რამდენი ხნით არის წასული საზღვარგარეთ, იქ ცხოვრობს, შეიძლება, იქაური საზოგადოების და კულტურის ნაწილი გახდა, მაგრამ ჩვენი სისხლი და ხორცი არიან. ადამიანების სხედან ზოგი შტუდგარდში, ზოგი ლონდონში, ზოგი სად ზის და ფულს აგროვებენ, გეგმავენ საქართველოში ექსტრემიზმისთვის. ამას რა ჰქვია? ამას რა ღალატი ჰქვია საერთოდ, როდესაც იქ წასული ადამიანი, ნაცვლად იმისა, შენი ქვეყნის ბედ-იღბალზე იფიქრო, ფიქრობ, როგორ ავნო საკუთარ ქვეყანას? რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ეჭვები გვაქვს, რა გავლენა აქვს იქაურ სპეცსამსახურებს ამ საქმიანობაზე, ვინაიდან ეს ადამიანები არიან ჩვენი იურისდიქციის მიღმა. ეს ქალბატონი სანდერი, ახლა თვითონ რომ ჩხუბობენ ერთმანეთში, ფული სად წავიდაო, არის ჩვენი იურისდიქციის მიღმა და ფულს აგროვებს საქართველოში ექსტრემიზმისთვის. სად იყო გერმანიის უსაფრთხოების სამსახური, რატომ ვერ დაინახა ეს და ვერ აღმოაჩინა? ასე ადვილად შეიძლება, გერმანიაში ტერორიზმისთვის ფულს აგროვებდნენ ადამიანები? ზოგი საქართველოში აგზავნის იქიდან, ზოგი სად, ზოგი სად. ასეთია ევროპა, რომ ამას ვერ აქცევენ ყურადღებას? ჩვენ ვაქცევთ და ამიტომაც არის საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ტერორიზმისგან თავისუფლების მხრივ. ამიტომ, ეს კიდევ ცალკე პრობლემა აღმოჩნდა, რაც ჩვენ ახლა დავინახეთ. ერთი არის უცხო ქვეყნების ჩარევა შიგნით, „ენჯეოების“ და აქტივისტების დაფინანსებით და მეორეა, როგორც ჩანს, საკუთარ ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებს იყენებენ და ამის ეჭვია, როდესაც ასე ღიად ხდება თანხების შეგროვება, რომ იქ უფრო თავისუფლად იმუშაონ, ვინაიდან ჩვენი იურისდიქციის მიღმა არიან და ყურადღებას ისე ვერ მიაქცევს ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, შეაგროვონ ფული, დაგეგმონ და დააორგანიზონ. ახლა ირკვევა, უკვე თვითონ იძლევიან ერთმანეთზე ჩვენებას, თურმე ამ ადამიანს ჩაფხუტი უნდა ეყიდა, ცრემლსადენი გაზი უნდა ჩამოეტანა, რომ ამ ადამიანს ჰყავდა დაორგანიზებული მებრძოლები ავღანეთის, უკრაინის, თუ სხვადასხვა ომში გამოვლილი. ეს ადამიანი გერმანიაში იჯდა და ამას აორგანიზებდა. ეს არის კიდევ ახალი პრობლემა, რომელიც აღმოჩნდა, სხვა იურისდიქციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებს მიმართა.

„მინდა, მივმართო, მათ შორის, ჩვენს დიასპორას. პირადად მეც რამდენიმე წელი მომიწია საზღვარგარეთ ცხოვრება და წარმოუდგენელია ეს. ხალხო, დაფიქრდით და შეხედეთ, ვინ არის თქვენ გარშემო, ადამიანები, რომლებიც თქვენს სამშობლოს მტრობენ. ამაზე თვითონ დიასპორამაც უნდა გაამახვილოს ყურადღება, ქართველებმა, რომლებიც იქ არიან. შტუდგარდში მათ თვალწინ ადამიანი ფულს აგროვებდა ამ ქვეყნის ამოსატრიალებლად. ზოგიერთი ალბათ, 90-იან წლებშია წასული, ამ შემთხვევაში, შეიძლება, 90-იანებში არიან წასული გერმანიაში, შტუდგარდში. ეს ქალი იჯდა მათ თვალწინ, მათ საზოგადოებაში, რაიონში და გეგმავდა საქართველოს დაბრუნებას 90-იან წლებში. ასე რომ, დიასპორა ამაზე უნდა დაფიქრდეს, როგორც საქართველოში ჩვენ დავფიქრდით ამაზე. ყველაფერს ახლა ერქმევა თავისი სახელი, ამ აკაცუკურ მოძრაობას, რომელიც ქვეყნის ატრიალებას გულისხმობს. დარწმუნებული ვარ, საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორა ამაში მხარს აგვიბამს და ალბათ, თავის დიასპორაში მიხედავენ იმას, რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყნის ატრიალება იქიდან არ დაგეგმონ იქაური სპეცსამსახურების ხელშეწყობით, თუ წაყრუებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.