შალვა პაპუაშვილი - დანამდვილებით ვიცით, „სამართლიან არჩევნებში“ ყველაზე გვიან, ნოემბრის ბოლოს უკვე იცოდნენ ხარვეზის შესახებ და ამას სულ მცირე ორი კვირა მალავდნენ
შალვა პაპუაშვილი - დანამდვილებით ვიცით, „სამართლიან არჩევნებში“ ყველაზე გვიან, ნოემბრის ბოლოს უკვე იცოდნენ ხარვეზის შესახებ და ამას სულ მცირე ორი კვირა მალავდნენ

დანამდვილებით ვიცით, „სამართლიან არჩევნებში“ ყველაზე გვიან, ნოემბრის ბოლოს უკვე იცოდნენ ხარვეზის შესახებ და ამას სულ მცირე ორი კვირა მალავდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მათ თქვეს, რომ ნოემბრის ბოლოს ამ ხარვეზის შედეგის შესახებ აცნობეს მათ დამფინანსებელ USAID-ს. გამოდის, რომ მათ ყველაზე გვიან, ნოემბრის ბოლოს უკვე იცოდნენ ხარვეზის შესახებ და ამას მინიმუმ, ორი კვირა მალავდნენ. ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ კი არ იტყუებოდნენ და დამალვა კი არ იყო, არამედ ეს იყო მათი კომუნიკაციის სტრატეგიის ნაწილი და ფიქრობდნენ, როდის გაემჟღავნებინათ. რომ დავფიქრდეთ, ეს კიდევ უფრო უარესი პასუხია, რადგან გამოდის, რომ იცოდნენ, ხარვეზი რომ იყო, იცოდნენ და ეთერებში ძალიან კარგად ხედავდნენ, ჩვენი ოპონენტები რომ სწორედ ამ პარალელური დათვლის შედეგებზე აფუძნებდნენ თავიანთ ბოლო არგუმენტებს და ისინი სეირს უყურებდნენ. აბა, რა გამოდის?!“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „სამართლიან არჩევნებს“ მისწერა, უბნების ნომრები და დასახელება ეცნობებინათ, თუ რა უბნებზე იყო საუბარი, რათა ნათელი ყოფილიყო, რასთან იყო დაკავშირებული დისბალანსის რვა პროცენტი, რაზეც „სამართლიანი არჩევნები“ საუბრობს, მაგრამ ორგანიზაციიდან არავითარი გამოხმაურება არ ყოფილა და უბნების სია დღემდე არ გადმოუციათ.

„გამოხმაურება არ ყოფილა. ერთადერთი, ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმინეთ, ყველაფერი ცესკო-ს საიტზე დევს და იქ ნახეთო, იქ კი ვნახულობთ, რომ თუ მეტობას გულისხმობენ, სულ 19 უბანზე იყო მეტობა, რაც საერთო უბნების 0,5%-ია და არა 8%, ხოლო თუ ნაკლებობას გულისხმობენ, 8% კი არა, ის 25%-ზე იყო ნაკლები. ამიტომ, ეს 8% აბსოლუტურად გაუგებარია. მათ შორის, მათივე საიტზე, როდესაც ისინი პარალელური დათვლის შედეგების ტექსტუალურ ნაწილში საუბრობენ, რომ დისბალანსი 8% იყო, შემდეგ ჩამოთვლილი აქვთ რაღაც უბნების სია და სულ 13 უბანია ჩამოთვლილი. ამიტომ, გაუგებარია, საერთოდ რაზეა საუბარი. დარწმუნებული ვართ, ამის უკან არანაირი არგუმენტი არ არის. ამ 8%-ის უკან დგას ნული არგუმენტი. ბოლო არგუმენტი, რაც სხვაობასთან დაკავშირებით იყო, ეს ჩაიშალა, ახლა უკანასკნელი არგუმენტი დარჩა, 8% და დარწმუნებული ვართ, ამის უკანაც არაფერი დგას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმის ნაცვლად, „სამართლიანი არჩევნები“ შეეცადოს, ამ პროცესში რაც შეიძლება, გამჭვირვალედ იყოს წარმოდგენილი და ორგანიზაციამ წლების განმავლობაში საქმიანობიდან გამომდინარე დამსახურებულად მიღებული რეპუტაცია შეინარჩუნოს, პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს.

„ამის ნაცვლად ისინი ამბობენ, რომ თავს პასუხისმგებლად არ გრძნობენ, ბოდიში არაფერზე აქვთ მოსახდელი და ბრალს კიდევ აქეთ გვდებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.