შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებელი საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი

დამოუკიდებელ საზედამხედველო და მარეგულირებელ ორგანოებს პარლამენტის ცხოვრებაში განსაკუთრებული ფუნქცია აქვთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მათი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების პრეზენტაციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირს, გაერო-ს განვითარების ფონდსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს პარლამენტთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერების მიმართულებით.

მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმისა და ახალი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

„პარლამენტის ახალი რეგლამენტის და საკონსტიტუციო რეფორმით მიხედვით, პარლამენტი თვისებრივად სხვა განზომილებაში გადავიდა, რომელიც მას აძლევს საპარლამენტო ზედამხედველობის ისეთ დამატებით ინსტრუმენტებს, რაც აქამდე არ ჰქონია. ვაკვირდებით, რომ დღითიდღე ამ ინსტრუმენტების გამოყენება უფრო ინტენსიურად ხდება. ანგარიშვალდებულების შეგრძნება მთავრობის მხრიდან პარლამენტის მიმართ გაზრდილია. სტატისტიკურადაც რომ შევხედოთ, კონტაქტს მთავრობასა და პარლამენტს შორის, შეუდარებელია წინა მოწვევის პარლამენტთან. მომავალ კვირას პარლამენტში მინისტრის საათი და ოთხი მინისტრის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება. ასე რომ, მომავალი კვირაც იქნება დასტური იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მექანიზმები და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ეგულებოდეს ასეთი დამოუკიდებელი საზედამხედველო და მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოები, რომლებიც მას ობიექტურ სურათს მიაწვდიან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესოა ჩატარებული კვლევის შედეგების და კვლევაში ასახული მიგნებების მოსმენა.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაზეც.

„პარლამენტის ახალი რეგლამენტი რამდენიმე წელია, ამოქმედდა და უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ მისი მოქმედების ეფექტიანობას და ინსტრუმენტების გაძლიერების საჭიროებას დავაკვირდეთ. ვფიქრობ, რომ მიმდინარე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი ამოცანა იქნება, რომ რეგლამენტის მოქმედებისა და გათვალისწინებული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შეფასება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.