შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

18:01, 07.09.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოგ ჯუნ სონგს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან.

„კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით იმყოფება. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურის, განათლების, ინოვაციებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში მიმდინარე ომი, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები. ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის როლის მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე და ქვეყნის ირგვლივ არსებულ უსაფრთხოების გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგოპოტენციალზე, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში კორეული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრებს თხოვნით მიმართა, განიხილონ  საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკაში უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციების ყოველწლიური ვიზიტების გაცვლის თაობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი