შალვა პაპუაშვილი -  ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი იტყუება
შალვა პაპუაშვილი - ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი იტყუება

ცუდია, როდესაც ყოფილი პრემიერი იტყუება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ყოფილმა პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერც არჩევნების შედეგები დაიცვა, ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და თავად მმართველმა პარტიამ შეუწყო ხელი თამარ ჟვანიას გადადგომას.

როგორ პაპუაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, გახარიამ არ იცის, რა იყო თამარ ჟვანიას გადადგომის წინაპირობები და მთლიანად ამ პროცესში ალბათ არ დააკვირდა, რომ თამარ ჟვანიამ დიდი სიმხნევე გამოიჩინა.

„მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის დღეებში ის იყო ზეწოლისა და ძალადობის ენის სამიზნე, მან ბოლომდე მიიყვანა საარჩევნო ციკლი. დადასტურდა, რომ ამ არჩევნებს არანაირი სისტემური ხარვეზი არ ჰქონია და რაიმე მანიპულაცია არ ყოფილა. მან საგამოძიებო კომისიასაც მისცა ახსნა-განმარტებები. საბოლოო ჯამში, ვრწმუნდებით, რომ მთლიანი კამპანია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით თავად იყო ყალბი. ვფიქრობ, თამარ ჟვანიამ თავისი ვალი ბოლომდე მოიხადა იმ კუთხით, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არ დარჩენილიყო რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ ახლა უმჯობესი იქნებოდა, პროფესიული განვითარების სხვა ეტაპზე გადასულიყო. დარწმუნებული ვარ, ასეთი გამოცდილი პროფესიონალი შეძლებს საარჩევნო სფეროში საინტერესო კარიერის წარმართვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.