შალვა პაპუაშვილი - ცოტა გაუგებარია, შეცვლილ დოკუმენტში გარკვეული საკითხები რატომ და რა სახით აისახა
შალვა პაპუაშვილი - ცოტა გაუგებარია, შეცვლილ დოკუმენტში გარკვეული საკითხები რატომ და რა სახით აისახა

ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და ხელიც მოვაწერეთ დოკუმენტს, შესაბამისად, გუშინ გადაწყვეტილება ოპონენტებს ჰქონდათ მისაღები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცოტა გაუგებარია, გუშინ წარმოდგენილ და შეცვლილ დოკუმენტში გარკვეული საკითხები რატომ და რა სახით აისახა.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ შარლ მიშლის პირადი წარმომადგენლის, დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტი პარტიებთან მრავალდღიანი კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. ჩვენ ამ შეთანხმებას უპირობოდ მოვაწერეთ ხელი. ასევე ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების შეფასებები, რომ აღნიშნული შეთანხმების დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ და ხელიც მოვაწერეთ, გუშინდელ შეხვედრაზე საკონსულტაციო შეხვედრა ჩვენი ოპონენტების მიმართულებით იყო. შესაბამისად, ბურთი ჩვენი ოპონენტების მხარესაა და გადაწყვეტილება გუშინ მათ ჰქონდათ მისაღები. როგორც ვნახეთ, ჩვენი ოპონენტები შეცვლილ დოკუმენტსაც იწუნებენ და არც ამ დოკუმენტზე სურთ ხელმოწერა.

ცოტა გაუგებარია, გუშინ წარმოდგენილ, შეცვლილ დოკუმენტში გარკვეული საკითხები რატომ და რა სახით აისახა.

ჩვენი გუნდის შეთავაზებაა, მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც თავის მხრივ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე შემოღებული ქვედა ზღვარია. ეს უკვე არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რიცხვი. ყველა სხვა რიცხვი, ამ შემთხვევაში 43%, არის სხვა პრინციპი, თუმცა გუნდში განხილვისთვის მზად ვართ.

რაც შეეხება გიორგი რურუას თემას, ის პოლიტიკოსი არ არის. მსჯავრი აქვს იარაღის უკანონო ტარებაზე და ამ თემის პოლიტიკური შეთანხმების საკითხში შემოტანა მართლმსაჯულებაში პირდაპირი და უხეში ჩარევაა. ამიტომ ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.