შალვა პაპუაშვილი - ცინიზმის პიკია, როცა ორგანიზაცია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად, ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალობას
ცინიზმის პიკია, როცა ორგანიზაცია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ყალბი კამპანიის წარმოებით, რათა ჩაეგდო, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ახლა თავად ითხოვს გამჭვირვალობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დონორებს უნდა დაუსვან კითხვა, რატომ აფინანსებენ სიყალბეს და რადიკალურ დღის წესრიგს არასამთავროვო სექტორში.
„პრობლემა არ არის ამ ორგანიზაციაში, პრობლემაა მის დამფინანსებლებში. საკითხი იმ ქვეყნების წინაშე უნდა დაისვას, ვინც მათი დამფინანსებლები არიან – ის ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც მანიპულირებით, სიყალბითა და დეზინფორმაციით ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს. სინამდვილეში, მათი დამფინანსებლები, რადიკალური დღის წესრიგის მიუხედავად, უფრო მეტ და მეტ ფულს უმატებენ, რათა მეტი მანიპულაცია, სიყალბე გაავრცელონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ის დონორები ქართველი ხალხის წინაშე არაკეთილსინდისიერები არიან. ამიტომ მოვუწოდებ მედიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დონორებს ჰკითხონ: რატომ ექცევიან ასე ქართველ ხალხს და აფინანსებენ სიყალბეს, დეზინფორმაციას და რადიკალურ დღის წესრიგს არასამთავროვო სექტორში?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ცვლილებები მიზნად ისახავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის, გაძლიერებას.