შალვა პაპუაშვილი – ჩვენი საარჩევნო პროგრამა კვლავ ძალაშია, მივყვებით დანაპირებს, „ქართული ოცნების“ გუნდი ვიდრე მიჰყვება ამ მიზნებს, არც არასტაბილურობა და არც რაიმე იმედგაცრუება არ იქნება ჩვენს ამომრჩეველში

01:20, 16.09.2026

„ქართულმა ოცნებამ“ ამ 14 წლის განმავლობაში, რაც ის მართავს ქართველი ხალხის მანდატით ქვეყანას, დაამტკიცა, რომ ხელისუფლება დგას სწორ პრინციპზე, რაც გულისხმობს ეროვნული ინტერესებით გადაწყვეტილების მიღებას და მდგრადი ინსტიტუციებია შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც გაქვს მდგრადი ინსტიტუტები და სწორი ორიენტირი, პერსონალური ცვლილებები გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა საბოლოო ჯამში, არ ცვლის სიტუაციას – ისევ მაღალია ეკონომიკური ზრდა და უზრუნველყოფილია უსაფრთხოება.

შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადებით უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებებს, უსაფრთხოების კონტექსტში აჩენს თუ არა ეს არასტაბილურობის განცდას.

„საკადრო ცვლილებები არაერთხელ ყოფილა, მაგრამ შედეგში არაფერი იცვლება, ამას უნდა დავაკვირდეთ. ეკონომიკური ზრდა ისევე მაღალია, როგორც იყო ტემპები და უსაფრთხოება ისევ უზრუნველყოფილია, როგორც იყო, ბოლო წლებში რომ შევადაროთ თუნდაც სხვადასხვა ცვლილებას. რაც შეეხება ცვლილებებს, იყო ბევრი პერსონალური, პირადი გადაწყვეტილებები და თავად განმარტეს მათ შორის მიზეზებიც, რატომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს პარლამენტის სრული ნდობა, პარლამენტს აქვს ქართველი ხალხის სრული მანდატი და ამ მანდატით და ნდობით მოქმედებს შემდეგ ხელისუფლება. ამიტომ, მნიშვნელოვანია მდგრადი ინსტიტუტები, როცა ინსტიტუტები არის მდგრადი, სისტემა არის გამართული, იქ ხელმძღვანელის ცვლილება გარკვეულ სპეციფიკას სძენს, შეიძლება ახალი, გარკვეული ხედვები შეაქვს თავად ინსტიტუციაში, თუმცა მთავარ მიზნებს ისევე ისე ასრულებს, თუ ვისაუბრებთ უსაფრთხოების სისტემაზე. ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურა შემოსულია პარლამენტში და ხვალ ვიმსჯელებთ, უმრავლესობის სახელით მას უკვე აქვს ჩვენი ნდობა, ხვალ იქნება ამ საკითხზე კენჭისყრა. ბატონი ბორაშვილი გახლავთ და პრემიერ-მინისტრმა ამას ხაზი გაუსვა, უსაფრთხოების სამსახურის პირველი ხელმძღვანელი, რომელიც კარიერულად უსაფრთხოების სისტემაში მომუშავე ადამიანია. წლები კონდაზვერვის მიმართულებით მუშაობდა და ამ მხრივ კიდევ უფრო თუ გააძლიერებს ამ ინსტიტუციას და ზოგადად, ჩვენს უსაფრთხოებას.

იმ მომენტში, უპირველეს ყოვლისა, გადამწყვეტი არის, რაზე ჩამოყალიბდება გუნდი, პრემიერი, როგორია მისი ხედვა, როგორია ის კადრები, რომლისგანაც ირჩევს. ასე რომ, ორივე გადაწყვეტა თანაბრად სწორია. შეიძლება, იყოს როგორც პროფესიული წიაღიდან წამოსული, ისე პოლიტიკური სივრციდან. მთავარი არის, რომ ინსტიტუციის მართვა იყოს სწორი. განსხვავებით პოლიტიკური ინსტიტუციებისგან, როგორიც არის სამინისტრო, პარლამენტი, თუ ასე შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც ძალოვან უწყებას, საკუთარი სპეციფიკა აქვს. ამ მხრივ პროფესიულ გამოცდილებას დამატებითი დატვირთვა, წონა და მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ვიდრე მიჰყვება იმ მიზნებს, რაც გაწერილი იყო საარჩევნო პროგრამაში, მანამდე არც არასტაბილურობა და არც იმედგაცრუება იქნება ამომრჩეველში.

„არასტაბილურობა არის მაშინ, რასაც ვაკვირდებით ხანდახან ზოგიერთ ქვეყანაში, წელიწადში ერთხელ ან შეიძლება, ორჯერაც ტარდება არჩევნები, რადგან თავად მთავრობა არის არასტაბილური. პრობლემა არის მაშინ, როცა უმრავლესობა არის მყიფე და არასტაბილური, როდესაც პოლიტიკური გუნდი არის არასტაბილური, მყიფე და არა იმაში ვთქვათ,  ერთი ადამიანი ერთ სამინისტროს ხელმძღვანელობს თუ – მეორეს. რატომ? ხელისუფლება მოქმედებს არჩევნების ლოგიკით. 2024 წელს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო 54 პროცენტი, მილიონ 120 000-მა მოქალაქემ მოგვცა მანდატი ჩვენ და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს საარჩევნო პროგრამას, იმას, რასაც შევპირდით ამომრჩევლებს, რომ გავაკეთებდით ოთხი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი საარჩევნო პროგრამა კვლავ ძალაშია. მივყვებით დანაპირებს. სხვათა შორის, ხანდახან რომ გაიკვირვებენ ხოლმე, რატომ საკონსტიტუციო სარჩელი, რატომ განათლების რეფორმა, 2024 წელს ამ ყველაფერს ვამბობდით, არა მხოლოდ პროგრამაში ეწერა, საჯარო გამოსვლებში ჩვენი საარჩევნო კამპანია ზუსტად ამას ეძღვნებოდა – განათლების რეფორმას, პოლიტიკურ ლანდშაფტს, რომელიც საქართველოშია და ა.შ. ასე რომ, სტაბილურობას განაპირობებს ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერა, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას მანამდე ხელისუფლებაში ყოფნით და გამოცდილებით,

იმ პროგრამით, რომლითაც წარდგა, იმ მიზნებითა და ამოცანებით, რაც წარვადგინეთ. ამას დაუჭირა მხარი. ვიდრე ეს გუნდი ამ მიზნებს მიჰყვება, მანამდე არც არასტაბილურობა და არც რაიმე იმედგაცრუება იქნება ჩვენ ამომრჩეველში. ჩვენ ვხედავთ, რომ ამოცანები კარგად სრულდება.

განათლების რეფორმა რადგან ვახსენე, ვისარგებლებ შემთხვევით და სკოლის დაწყებას მივულოცავ სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყვნენ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით. გახსოვთ, რა ისტერია მოაწყვეს არაფრისგან ჩვენმა ექსტრემისტმა ოპონენტებმა და დღეს პირველი დღე ჰქონდათ ჩვენს პირველკლასელებს. როცა არაფერს ეფუძნება ეს ისტერია, პროპაგანდა, ნეგატივის შემოტანის სურვილი, ისტერია გაქრა ზუსტად ერთ დღეში. პირველი კლასის მოსწავლეები, მშვენივრად გამოწყობილი მივიდნენ სკოლაში, სასკოლო ფორმით. დღეს სოცმედია დაინდეს ამ ისტერიის მომწყობმა ექსტრემისტებმაც და მართლაც დაინახეს, რა ლამაზად გამოიყურებიან ჩვენი პირველკლასელები სასკოლო ფორმაში, რა სიამაყეა, როცა შენი ქვეყნის გერბი გიმშვენებს სასკოლო ფორმას. დღეს სოცმედიაში, თუ ისე მედიაში მხოლოდ ჩვენი პირველკლასელების ამ მშვენიერ ფოტოებს ვხედავდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი