შალვა პაპუაშვილი – ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას
ჩვენ, როგორც პარლამენტარებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება.
„ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამავდროულად, ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას, პასუხისმგებლიან რეგულაციებს და მუდმივ დიალოგს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას.
როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის კატალიზატორად და არა ახალი გამყოფი ხაზების წყაროდ იქცეს.
ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსიების ფარგლებში გაჩნდება ღირებული იდეები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.